Interviews

რაზე შეთანხმდნენ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები – სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია

20 ივნისი, 2016 • 1351
რაზე შეთანხმდნენ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები – სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია

“ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ნათელია და ეჭვი არ არსებობს, რომ საქართველომ შეასრულა [სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის] ყველა კრტერიუმი”, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა დღეს, 20 ივნისს ლუქსემბურში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემაზე იმსჯელეს.

მოგერინის განმარტებით, ახლა ეს  პრეზიდენტი ქვეყნის, ჰოლანდიის ხელშია, რომელმაც საქართველოს საკითხი მომდევნო კორეპერის, იგივე ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის  დღის წესრიგში უნდა შეიტანოს:

“მაგრამ ყველა სახელმწიფოს მხრიდან იყო ნათელი აღიარება იმ ფაქტისა, რომ საქართველომ საოცრად კარგი  სამუშაო გასწია, რომელიც იმსაუხრებს აღიარებას, რაც შეიძლება მალე”, – თქვა მოგერინიმ.

მოგერინის პრესკონფერენციაზე რაიმე კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია, თუმცა “ადრეული შემოდგომა”, როგორც, მისი აზრით, პროცესის დასრულების პერიოდი ახსენა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  ლინას ლინკევიჩუსმა კომენტარი შეხვედრის შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან. იგი აცხადებს, რომ არავინაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების წინააღმდეგი.

“ვერ გეტყვით, რომ მზად ვართ ამ გადაწყვეტილების ახლა მისაღებად. ჩვენ მოვახდინეთ ინიცირება ამ პოლიტიკური დისკუსიისა. არ იყო განცდა, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული დღეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა კრიტერიუმების განხილვა. საერთო განწყობა ძალიან პოზიტიური იყო. მე მჯერა, რომ ჩვენ განზრახ არ გავჭიმავთ პროცესს. ვერ გეტყვით, რომ ეს [გადაწყვეტილება] იქნება ძალიან მალე, ანუ ხვალ ან შემდეგ კვირაში”, – თქვა ლინკევიჩუსმა.

ლინკევიჩუსი ასევე ამბობს, რომ უვიზო რეჟიმზე გადაწყვეტილება ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმთან ერთად, ერთ პერიოდში უნდა იქნას მიღებული.

იმისათვის, რომ ბიომეტრიული პასპორტების მფლობელმა საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში ტურისტული მიზნებით მოგზაურობა უვიზო რეჟიმში შეძლონ, საჭიროა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს როგორც ევროპარლამენტმა ისე ევროკავშირის საბჭომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი