რეკლამა

სოზარ სუბარმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა

26 მაისი, 2017 •
სოზარ სუბარმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქალაქ ფოთში,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

„მთელს საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს  საქართველოს კარიბჭიდან – ფოთიდან. ფოთი  არის საქართველოს გასასვლელი  ევროპაში, სივრცეში რომლისკენაც ვისწრაფვით და რომლის ნაწილიც ვიყავით ყოველთვის. 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, საქართველოს ბევრჯერ დაუკარგავს დამოუკიდებლობა, ბევრი სისხლი დაღვრილა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა  და ეს დამოუკიდებლობა განმტკიცდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრი ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმში გამართული გამოფენის – “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლების“  გახსნის ცერემონიას დაესწრო.

სოზარ სუბარმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ფოთის ცენტრალურ პარკში დასრულდა. ფოთის ცენტრალურ პარკში მოეწყო  „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა,  გაიმართა სპორტული ღონისძიებები,  გამოფენები და კონცერტები.

სოზარ სუბარმა ფოთის  პარკში წარმატებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი