საქართველოს მთავრობის ცნობით, სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში” დაემატა ახალი კომპონენტი, “უმასპინძლე საქართველოში”, რომელიც რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით შეიქმნა.
როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ დაეხმარება რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს, წამოიწყონ საკუთარი საქმე სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში, ააშენონ ახალი სასტუმროები, გააფართოონ და გადააიარაღონ არსებული ინფრასტრუქტურა.
“დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამის “უმასპინძლე საქართველოში” მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინასებას,”–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.
“მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ”,- აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით და წელს კომპანია “ვიზეარი” საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის.
პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ახალი კომპონენტის – „უმასპინძლე საქართველოში” დეტალური სქემა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული კომპონენტის დახმარებით, იმ კომპანიებს, რომელთაც უნდათ სასტუმროების განვითარება, შეეძლებათ, მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსება პირველი ორი წლის განმავლობაში, ასევე თანაუზრუნველყოფა სესხის 50%-ის ოდენობით.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი მეწარმისთვის შესაძლებელს ხდის ისარგებლოს ბიზნესისთვის აუცილებელი შეღავათიანი საკრედიტო რესურსით და ბანკების მხრიდან უზრუნველყოფის ნაწილში ამცირებს პროექტის შეფასების რისკებს, რითაც მეწარმეს უფრო უადვილებს კომერციული ბანკის სესხის მიღების პროცესს.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2016 წლის ორი თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით საქართველოში 16-პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 7%-ს, ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული დასაქმების წილი საერთო სამუშაო ადგილების რიცხვის დაახლოებით 11 %-ს უტოლდება.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი ტურისტული მომსახურებების ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2009-2014 წლების შუალედში ტურიზმის ექსპორტის საშუალო ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ტურიზმი ცალსახად წარმოადგენს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს.
თავის პრეზენტაციაში ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც 2025 წლამდეა გაწერილი და კონკრეტული შედეგების მიღწევას ისახავს მიზანს.
პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ემსახურება საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვას. პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს:
- სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას ლარში გაცემულ სესხზე
- სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას პირველი 4 წლის განმავლობაში
- საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტკონტრაქტის) ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსებას პირველი 2 წლის განმავლობაში
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება მეორე მიმართულებაა, რომელიც პროგრამას „აწარმოე საქართველოში” დაემატა, უკვე დამტკიცებულია კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” ჩართვისთვის მინიმალურმა ზღვარმა 150 000 აშშ დოლარიდან 75 000 აშშ დოლარამდე დაიწია. პროგრამის ამოქმედების დღიდან, სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 150-ზე მეტ საწარმოს, რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 370 მილიონი ლარია.
დამატებითი ინფორმაცია:
სასტუმროების განვითარების ინდუსტრიის პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სასტუმროს ქსელების, ტურისტული კომპანიების, საერთაშორისიო ორგანიზაციების, საქართველოს ავიახაზებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან და კომპონენტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციას მიიღებენ.
პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომლის მხრიდანაც დაფინანსება განხორციელდება შემდეგნაირად:
1. სესხის თანადაფინანსება საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე
- სახელმწიფოს მხრიდან სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით
- თანადაფინანსება ლარში გაცემულ სესხზე, ხოლო დოლარში და ევროშიგაცემულ სესხზე 8%-ით თანადაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში.
- სესხის მინიმალური მოცულობა –500,000 ლარი (ან ექვივალენტი დოლარში/ ევროში)
- სესხის მაქსიმალური მოცულობა – 1,000,000 ლარი (ან ექვივალენტი დოლარში/ ევროში)
- სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პირველი 4 წლის განმავლობაში, სესხის მოცულობის 50%-ით, არაუმეტეს 500,000 ლარისა (ან ექვივალენტი დოლარში/ ევროში)
- საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება
2. სესხის თანადაფინანსება საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით
- საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს 300,000 ლარისა
- სახელმწიფოს მხრიდან სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსება ლარში გაცემულ სესხზე, ხოლო დოლარში და ევროში გაცემულ სესხზე 8%-ით თანადაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში.
- სესხის მინიმალური მოცულობა – 500,000 ლარი (ან ექვივალენტი დოლარში/ ევროში)
- სესხის მაქსიმალური მოცულობა – 5,000,000 ლარი (ან ექვივალენტი დოლარში/ ევროში)
- სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პირველი 4 წლის განმავლობაში, სესხის მოცულობის 50%-ით, არაუმეტეს 2,500,000 ლარისა (ან ექვივალენტი დოლარში/ევროში)
- საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება
- საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ხარჯების ანაზღაურება
- საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს 300,000 ლარისა
- საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება