ეკონომიკა

ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია

4 მაისი, 2011 • • 1004
ცხინვალის რეგიონში საწვავის დეფიციტია

სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საწვავის დეფიციტია. დახურულია ყველა ბენზინგასამართი სადგური. ამის შესახებ lenta.ru-ს არაღიარებული რესპუბლიკის ნავთობაზის დირექტორმა ალან ჯიოევმა განუცხადა.

საწვავის კრიზისის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის განცხადებას ავრცელებს ოსური საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმი.“ კოკოითის თქმით, ქვეყანაში ბენზინის დეფიციტი დე-ფაქტო ხელისუფლების   „დაუფიქრებელი  ქმედებების შედეგია.“

„ხელისუფლებამ დროულად ვერ უზრუნველყო საწვავის საჭირო მარაგის შემოტანა,“- თქვა კოკოითმა.  მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში საწვავის სტრატეგიული მარაგი ჯერ კიდევ არის სასწრაფო დახმარების, სახანძრო და სხვა აუცილებელი სამსახურებისთვის. ედუარდ კოკოითი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს საწვავი კიდევ 3-4 დღე ეყოფათ, ხოლო ამ დროის განმავლობაში დე-ფაქტო ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტას შეეცდება.

სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ნავთობაზის დირექტორი ალან ჯიოევი lenta.ru-სთან აცხადებს, რომ 1 მაისიდან ცხინვალის რეგიონში ბენზინის ღირებულება მომატებული საბაჟო გადასახადის გამო გაძვირდება. მისივე თქმით, ამჟამად რეგიონში საწვავი მხოლოდ რუსეთიდან შედის, 1 მაისიდან კი 1 ტონა საწვავის შეტანაზე დაწესებული საბაჟო მოსაკრებელი 239 აშშ- დოლარიდან 408 დოლარამდე გაიზარდა.

რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აფხაზეთის არაღიარებული პრეზიდენტის პრეს-მდივანი კრისტიან ბჟანია აცხადებს, რომ მათთან დეფიციტი არ შექმნილა  საწვავს შეუფერხებლად იღებენ– რუსეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი