საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდება

ეკონონიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და EFTA-ს შორის (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, რომელშიც შედის შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.

შედეგად,  როგორც სამინისტრო აცხადებს,  27 ივნისს შვეიცარიაში ხელი მოეწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს დამატებით ევროპის 14-მილიონიანი ბაზარი გაეხსნება.

„ჩვენ მივაღწიეთ EFTA-სთან შეთანხმებას, რომ სამრეწველო პროდუქცია სრულიად გათავისუფლებულია ტარიფებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი სამრეწველო პროდუქცია ოთხივე ქვეყანაში შევა დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ოთხივე ქვეყნის ბაზარი მგრძნობიარეა ამ კუთხით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას და ძირითადად საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფები იქნება. გარკვეულ პროდუქციებზე ასევე გვაქვს თითქმის განახევრებული და მინიმუმამდე დაყვანილი ტარიფები,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს,  EFTA-ს წევრი სახელმწიფოები აწარმოებენ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციის იმპორტს, როგორიცაა მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული, თხილი და კაკალი, კენკროვანი ხილი, სანელებლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები.

სამინისტროს ცნობით, საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიიღეს.  EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება მოლაპარაკებების სამ რაუნდში გახდა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი