ეკონომიკა

განახლებადი და ეფექტური ენერგოტექნოლოგიების გამოფენა

14 აპრილი, 2011 • • 2005
განახლებადი და ეფექტური ენერგოტექნოლოგიების გამოფენა

განახლებადი და ეფექტური ენერგოტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა დღეს სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალში.”გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ენერგოტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგიის დაზოგვასა და ნაკლებ ზიანს აყენებენ გარემოს.

გამოფენა თბილისში “მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის” ფარგლებში ტარდება და მისი ორგანიზატორია ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო.” ენერგოტექნოლოგიების გამოფენაში სულ ოცი კომპანია მონაწილეობდა.

“ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი აბულაშვილის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია, საქართველოში განვითარდეს ეკოტურიზმი. “ჩვენი მიზანია ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესების მოსახლეობასთან უფრო ახლოს მიყვანა, მათთვის ამ ტექნოლოგიების გაცნობა,” – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი აბულაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში ნოვაციურ ენერგოტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიები ჯერჯერობით კარგად არ არიან განვითარებული.

ორგანიზატორებმა გამოფენის ადგილად “თბილისი ცენტრალი” იმიტომ აირჩიეს, რომ აქ ბევრი ხალხი მოძრაობს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებნი და ასე უფრო ადვილად მიაწვდენენ  მათ ხმას. “მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის” ფარგლებში გამოფენის  გარდა, გაიმართება კინოჩვენება და მოხდება ყოველწლიურ, ტრადიციულ ჟურნალისტურ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

“ამ ყველაფრის მიზანია, მოსახლეობამ გაიგოს ინფორმაცია იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც აქვთ სუფთა ენერგეტიკულ ტექნოლოგიებს. ეს ტექნოლოგიები მოსახლეობას საკუთარ ელექტროდანახარჯებს უმცირებს. მნიშველოვნად აუმჯობესებს ეკოლოგიურ სიტუაციას კონკრეტულ სახლში და ასევე– გლობალურ ეკოლოგიურ მდგომარეობას,”-მიაჩნია გიორგი აბულაშვილს.

მისივე თქმით,  ბოლო დროს საქართველოში უფრო აქტიურად დაიწყო მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან ამ სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენებას ეკონომიკური სტიმულიც აქვს, რადგან ენერგომატარებლებზე (ნავთობი) ფასები ყოველდღიურად იზრდება.

“მიუხედავად ამისა, ხალხს, ზოგადად, ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა ამ ტექნოლოგიებზე. დღესაც ბევრს სჯერა, რომ ფიტოელექტროგარდამქმნელები მხოლოდ კოსმოსურ ხომალდებზეა დამონტაჟებული,” – ამბობს გიორგი აბულაშვილი, “ენერგოეფექტურობის ცენტრის” წარმომადგენელი.

დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის ეკონომიური ელ. ნათურები. ასეთი ნათურა ბევრად ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული ნათურები.

გამოფენაზე ასევე ნახავდით კომპანია “დანფოსის” ენერგოდამზოგავ მოწყობილობებს თანამედროვე, ცენტრალური გათბობის სისტემაში, რომლის საშუალებითაც ენერგიის 35%-ის დაზოგვა ხდება.

კომპანია “დანფოსის” წარმომადგენლის თქმით,  “დანფოსი” არის თერმოლეგულატორების მწარმოებელი ფირმა, რომელმაც გამოიგონა თერმოლეგურატორი. ამ მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ენერგიის 35%-ის დაზოგვა. ამ სისტემის მუშაობის პრინციპი ის არის, რომ იგი აღიქვამს ოთახში ტემპერატურის ცვლილებას და რეაგირებს მასზე, რის შემდეგაც იხშობა გაზის გამტარი სარქველი. როგორც კი ტემპერატურა იკლებს, შესაბამისად, სარქველის გამტარიანობაც იზრდება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ტექნოლოგია უკვე მუშაობს იაშვილის კლინიკაში. ამ მოწყობილობით შესაძლებელია თანაბარი ტემპერატურის დაყენება ყველა ოთახში, ასევე ინდივიდუალურად, სხვადასხვა ოთახში ტემპერატურის რეგულირება.

თერმორეგულატორების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მზის გათბობის სისტემები, ბიოგაზის მწარმოებელი თვითნაკეთი დანადგარი, ასევე ინფორმაციები მცირე ჰიდროელექტროსადგურის, ენერგიის განახლებადი წყაროების, ქარის ენერგიის გამოყენებისა და ეფექტური შეშის ღუმელის, თბოსაიზოლაციო სისტემების შესახებ.

სპეციალისტების თქმით, აღნიშული ტექნოლოგიებით შესაძლებელია სხვადასხვა ენერგიის დაზოგვა, რაც თავისთავად ბიუჯეტის დაზოგვას და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებას გულისხმობს.

„ორგანიზაცია კავშირი ენერგოეფექტურობისთვის“ უკვე 10 წელია საქართველოში მუშაობს. მისი წარმომადგენლის თქმით, 5 წლის წინ 1-2 ქვეკონტრაქტორის პოვნაც კი რთული იყო. დღეს კი სუფთა ენერგოტექნოლოგიების შექმნაზე 50-მდე ეკომპანია მუშაობს. პროექტი “მდგრადი ენერგეტიკის კვირუელი” “USAID”-ისა და “BP საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელედება.

მასალების გადაბეჭდვის წესი