ეკონომიკა

ბათუმის პიაცა რუსეთის მოქალაქემ იყიდა

7 აპრილი, 2011 • 2375
ბათუმის პიაცა რუსეთის მოქალაქემ იყიდა

პიაცა ბათუმში
პიაცა ბათუმში

ბათუმის პიაცას ნაწილი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 11 მილიონ ლარად მიყიდა კომპანია „პიაცა ჰოლდინგს“. ობიექტი პირობიანი აუქციონის შედეგად გასხვისდა.

პირობიანი აუქციონი ბათუმის საკრებულომ გამოაცხადა. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თქმით, საწყისი გასაყიდი ფასი 10 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენდა, შპს „პიაცა ჰოლდინგმა“ კი 100 ათასი ლარით მეტი გადაიხადა და პიაცას ნაწილი – 3700 კვადრატული მეტრი ფართი შეიძინა.

„იქ კიდევ არის დარჩენილი დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი ფართი, რომელიც არ გაყიდულა,“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

პიაცას მშენებლობა ბათუმის ადგილობრივ ბიუჯეტს 18.5 მილიონი ლარი დაუჯდა.

„ჩვენ დაახლოებით 3000 ლარად გავყიდეთ ერთი კვადრატული მეტრი. პიაცას მოედანი თვითმმართველობის საკუთრებაში დარჩა, გაიყიდა მხოლოდ შენობის ნაწილი,“ – განმარტავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

პირობიანი აუქციონის თანახმად, ახალმა მეპატრონემ პიაცას შენობაში უნდა გახსნა სასტუმრო და სასტუმროსთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი დაწესებულება (კაფე, რესტორანი და სხვა). ასევე, მყიდველი იღებს ვალდებულებას – მოუაროს და  შეინარჩუნოს პიაცას იერსახე, უზრუნველყოს პიაცას კოშკზე დამონტაჟებული საათის მოვლა–პატრონობა–ექსპლუატაცია.

„ამის გარდა, თუკი თვითმმართველობა დაგეგმავს ღონისძიებას, მან უნდა დაუთმოს შენობის პირველი სართული შესაბამისი ღონისძიებებისთვის“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

ბათუმის თვითმმართველობამ აუქციონი პიაცას ნაწილის გასხვისების მიზნით დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაატარა. მყიდველი შპს „პიაცა ჰოლდინგი“ აღმოჩნდა, რომელიც 2011 წლის 23 თებერვალს დაფუძნდა.

შპს „პიაცა ჰოლდინგის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომპანიის საქმიანობის საგანია უძრავი ქონების ფლობა, იჯარით გაცემა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესის ორგანიზება.

ჰოლდინგის 100%–ანი წილის მფლობელი და დირექტორი ირაკლი სამხარაძეა. სამხარაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ცხოვრობს მოსკოვში და იქვე ეწევა ბიზნეს საქმიანობას კომპანიებში, რომლებიც რკინისა და მეტალის პროდუქციის საბითუმო ვაჭრობას ეწევიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი