ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თანამშრომლების გარეშე

6 აპრილი, 2011 • 1262
აჭარის  ტურიზმის დეპარტამენტი თანამშრომლების გარეშე

ბათუმი
ბათუმი

აჭარაში  ტურისტული სეზონის დაწყებამდე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და სააგენტოს  54-ივე თანამშრომელმა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მათ შორის დამლაგებელმა და სამეურნეო ნაწილის გამგემაც.

დღეს ტურიზმის დეპარტამენტში დღის 14:30 საათისთვის „ბათუმელებს“ ხელმძღვანელი პირების სამუშაო კაბინეტები დაკეტილი დახვდა. თანამშრომლები ადასტურებენ, რომ განცხადებები გათავისუფლების შესახებ უკვე დაწერეს. მოგვიანებით ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ, ვაჟა დიასამიძემ აღნიშნული ფაქტი „ბათუმელებთან“  სატელეფონო საუბარში დაადასტურა.

მისი განცხადებით, გუშინ დღის მეორე ნახევარში, ტურიზმის დეპარტამენტის შენობაში აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ომარ მეგრელიძე და მთავრობის აპარატის იურისტი ნუკრი დეკანაძე მივიდნენ. თანამშრომლებმა სწორედ მათგან გაიგეს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებისა და შეთავაზების შესახებ, გამოცხადებულიყო რეორგანიზაცია, თანამშრომლებს დაეტოვებინათ თანამდებობები და დეპარტამენტში სამუშაოდ ახალი კადრები კონკურსის წესით აეყვანათ.

კითხვაზე, იყო თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკმაყოფილო იყო ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით,  ვაჟა დიასამიძე აცხადებს, რომ წელს აჭარის მთავრობა გეგმავს მილიონზე მეტი ტურისტის შემოყვანას. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიმართ ახალი მოთხოვნები გაჩნდა, ამიტომაც განახლება საჭიროა. ჩავდგებით ყველა თანაბარ პირობებში და თანამშრომლებს  სპეციალური კომისია თავიდან შეარჩევს“ – განაცხადა ვაჟა დიასამიძემ.

ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში, ჯერ ცნობილი არ არის. ვაჟა დიასამიძე ფიქრობს, რომ კომისია შესაძლოა აჭარის სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ნუგზარ ჩხეიძე ამ წლის 12 იანვრიდან ხელმძღვანელობდა. ჩხეიძემ ამ თანამდებობაზე  თემურ დიასამიძე შეცვალა. ფაქტობრივად მათ თანამდებობები გაცვალეს. თემურ დიასამიძე აჭარის მთავრობის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, სადაც ადრე ჩხეიძე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი