ეკონომიკა

ევროპის ენერგოგაერთიანებაში გასაწევრიანებლად საქართველო კვლავ გამონაკლისს ითხოვს

19 თებერვალი, 2016 • 1912
ევროპის ენერგოგაერთიანებაში გასაწევრიანებლად საქართველო კვლავ გამონაკლისს ითხოვს

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების დაჩქარებისაკენ მოუწოდებს, მთავრობაში კი აცხადებენ, რომ პროცესი გაწელილი არ არის და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, საქართველო და გამონაკლისები

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში განაცხადა, რომ იმ წლის შემოდგომაზე ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუერთდებოდა, თუმცა მას შემდეგ ორი წელი გავიდა და პროგრესი არ ჩანს. ეს ყველაფერი იწვევს არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილებას, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართეს:

“მაქსიმალურად დაჩქარდეს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მოლაპარაკებები და მარტამდე მიღწეულ იქნას შეთანხმა ყველა პრინციპულ საკითხზე, იმისთვის, რომ სექტემბერში რეალურად მოხდეს საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება”, – ნათქვამია მიმართვაში.

ევროკავშირის ინიციატივით ენერგეტიკული გაერთიანება 2006 წელს შეიქმნა. მისი უმთავრესი პრინციპი საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში ბაზრის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობისა და თამაშის წესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. საქართველო ამ გაერთანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით საქართველო გაერთიანებას სწორედ 2016 წლის სექტემბრამდე უნდა შეუერთდეს. სხვა შემთხვევაში მას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებს გარედან მოუწევს ენერგოგაერთიანებასთან გაწევრიანებაზე დამატებით მოლაპარაკება.

გარდა ბენეფიტებით სარგებლობისა, ევროპული ენერგოგაერთიანების წევრმა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებებიც უნდა აიღოს. როგორც “ნეტგაზეთს” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს მხრიდან ენერგოგაერთიანებასთან მომლაპარაკებელმა მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, სწორედ ასეთი ვალდებულების შესახებ მიმდინარეობს საუბარი საქართველოსა და გაერთიანებას შორის. ენერგეტიკულ გაერთიანების კონცეფციის მიხედვით, ბაზარი მაქსიმალურად კონკურენტული უნდა იყოს და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა მესამე მხარესაც უნდა მიეცეს, რაც თავისთავად გამორიცხავს რომელიმე სუბიექტისათვის სატრანიზტო საშუალებების ექსკლუზიურად, გრძელვადიან კონტექსტში გადაცემის შესაძლებლობას. ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ კონტრაქტებთან, რომელიც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ დადო შაჰდენიზის გაზსადენის, ასევე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2000-იან წლებში.

შაჰდენიზის პროექტიდან წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს საქართველო იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით (55 დოლარად ყოველი ათასი კუბური მეტრი გაზისათვის). გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ფუნქციონირების პერიოდში, პირდაპირი სატრანზიტო შემოსავლების სახით, საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს იღებს. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში ინვესტორმა კომპანიებმა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ვალდებულება აიღეს, რომელთა მიზანია ნავთობსადენის დერეფანში მდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარება სოციალური პრობლემის გადაჭრაში. ამასთან, “გაზპრომთან” გაფორმებული ყოველწლიური კონტრაქტებით საქართველოს რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10% რჩებოდა ნატურით. ახალი კონტრაქტი საქართველოს “გაზპრომთან” ჯერ არ გაუფორმებია.

მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველო ითხოვს, რომ ენერგოგაერთიანებაში ისე გაწევრიანდეს, რომ ეს გრძელვადიანი კონტრაქტები არ გადაიხედოს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს არ სურს აიღოს ვალდებულება იმის შესახებ, რომ მის მეზობელ ქვეყნებთან ტრანსასასაზვრო ვაჭრობას იმ წესების მიხედვით განახორციელებს, რომელიც ენერგოგაერთიანებაში მოქმედებს:

“კონფიგურაციულად ჩვენს გარშემო არც ერთი მეზობელი ქვეყანა ენერგოგაერთიანების წევრი არ არის. ბუნებრივია, იმ ვალდებულებას ვერ ავიღებთ, რომ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა იმ წესებით განხორციელდება. პრინციპების დანერგვას ვეცდებით, მაგრამ მესამე ქვეყნის სახელით არ გვინდა ავიღოთ ვალდებულება, რომ ისინიც შეასრულებენ ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს”, – ამბობს ვალიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია აქვს ენერგოგაერთიანებას ამ საკითხზე, მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ ევროპულმა მხარემ საქართველოს პოზიცია “საბედნიეროდ ძალიან ადეკვატურად” აღიქვა:

“ ამაზე მიდის მსჯელობა. პრინციპული შეთანხმება ამაზე არის და ნამადვილად არავის გაუპროტესტებია. გარკვეული ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი და დასასრულებელი. თუ ამაზე საბოლოო თანხმობა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ არანაირი წინააღმდეგობრივი ფაქტორი არ გვაქვს, რომ იმ ვადაში, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს განსაზღვრული, ეს შეთანხმდება მოხდეს – 2016 წლის სექტემბრამდე”.

გაჭიანურებული მოლაპარაკებები

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გამონაკლისებზე ენერგოგაერთიანება თანახმა იყო, ჯერ კიდევ 2014 წელს არსებობდა. ეს მაშინ მარიამ ვალიშვილმა თვითონვე დაადასტურა ნეტგაზეთთან ინტერვიუში. რატომ არ გაწევრიანდა საქართველო გაერთიანებაში აქამდე და რატომ გაიწელა პროცესი კიდევ ორი წელი? ამ შეკითხვას სვამს არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი, რომელიც ეჭვობს, რომ შესაძლოა ქართული მხარე ევროკავშირს დამატებით გამონაკლისებს სთხოვდეს ენერგეტიკის სექტორში არსებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების კონფიდენციალურობის შესახებ, რომლებიც შემდეგ ქვეყნის შიგნით ტარიფების წარმოქმნის გაუმჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჭიპაშვილის თქმით, გაუმჭვირვალობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ენერგოთანამეგრობრობის უმთავრეს პრინციპებს.

“პირობა არავის გაუცია, რომ ეს [მოლაპარაკებები] დროულად დასრულდებოდა”, – ამბობს მარიამ ვალიშვილი. მისი მტკიცებით, ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებისათვის 2-წლიანი პერიოდი არათუ საქართველოს, არამედ ისეთ ქვეყნებსაც კი სჭირდებათ, რომლებიც თანამეგობრობაში არავითარი გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით არ შედიან.

“ეს გამონაკლისები მოითხოვს მუშაობას. სწრაფად მუშაობდა ქართული მხარე თუ არა… მოლაპარაკებების ფორმალური ვადა არსებობს, ამოცანა, რომ ჩვენ დეროგაციები [გამონაკლისები] მივიღოთ არსებობს. თუ ეს ყველაფერი შეიკვრება ერთ მთლიან ციკლში, გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება დამატებითი გამონაკლისების მოთხოვნას უშუალოდ საქართველოს შიდა ბაზრის საკითხებზე და შესაძლო ახალ ექსკლუზივებს ცალკეული კომპანიებისთვის, იგი აცხადებს:

“მაგ ნაწილში ჩვენ დეროგაციებს [გამონაკლისები] არ ვითხოვთ. მაშინ გამოდის, რომ უნდა ვთქვათ: დიდი ბოდიში, მაგრამ არ გვინდა ამ გაერთიანებაში არაფერიო…”,  – ამბობს იგი.

“შიდა ბაზართან დაკავშირებით კონკურენციის ნაწილში ვითხოვთ გამონაკლისს, რის საშუალებასაც ევროკავშირის დირექტივაც იძლევა. კონკურენცია ნიშნავს არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ შემთხვევაში არჩევანის თავისუფლება შეზღუდულია, რადგან ძირითადად აზერბაიჯანული გაზია მოწოდებული. რუსეთიდანაც არის, მაგრამ შეზღუდული მიზნებისთვის. იზოლირებული ბაზრის დეფინიციაში ჩვენ გარკვეული ინტერპრეტაციებით ვჯდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაც სახელშეკრულებო ფორმატების გაფორმება შეგვიძლია, მაგრამ ისეთი მოქნილები ვერ ვინქებით, რომ ვისთანაც როგორ გვინდა ისეთ ფორმატში გადავწყვიტოთ. გარკვეული საზღვრები იქნება დადგენილი ამ შემთხვევაშიც”, – განმარტავს იგი.

ენერგეტიკული გაერთიანება, როგორც ნატო

დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანებით არაერთ სიკეთეს მიიღებს.

“ენერგოგაერთიანების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის გამჭვირვალე, თავისუფალი საბაზრო პრინციპების დამკვიდრება, რაც გულისხმობს გამჭვირვალე კონტრაქტებს და ეს ჩვენს შემთხვევაში პრობლემურია, რადგან არ ვიცით როგორც გაზის ისე ელექტროენერგეტიკულ სივრცეში რა ხდება, ვისთან რა ხელშეკრულებაა გაფორმებული”, – ამბობს ჭიპაშვილი და დასძენს, რომ გაერთიანება ენერგოსექტორში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ენერგოგაერთიანების წევრობა საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის დასავლეთიდან:

“ინვესტორების მოზიდვის კუთხით სერიოზულ განაცხადს ვაკეთებთ . ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანება დაახლოებით იგივეა, რაც სამხედრო თვალზასრისით ნატოში გაწევრიანება. ევროკავშირის ჩამოყალიბება სწორედ ენერგოგაერთიანებით დაიწყო. თუნდაც ჩვენს მეზობლებთან  აღარ ვიქნებით მარტო ურთიერთობებში, რაც ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ამცირებს.

ეს მიანიშნებს ინვესტორებს, რომ საქართველო აღარ არის ბუნდოვანი კანონმდებლობისა და პოლიტიკური სიტუაციის მქონე ქვეყანა, ანუ აღარ არის ჯუნგლები, რაც ხელს შეუწყობს ინვესტციების შემოსვლას ღია და გამჭვირვალე გზით და არა ისე როგორც დღეს ხდება, როცა არ ვიცით რა გამოცდილების მქონე ინვესტორი შემოდის”, – განმარტავს ჭიპაშვილი.

ენერგოგაერთიანება საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მარიამ ვალიშვილის აზრითაც:

“სუფთა ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტიციების ხელშეწყობა. იქ კონკრეტული ინსტრუმენტები არსებობს, პლიუს ამ ინსტრუმენტების ასამუშავებლად არის ფონდები, რომლებიც ჩვენ ერთ-ერთ მოთამაშედ გვაქცევს. საკვალიფიკაციო სტატუსი გვექნება, რომ ევროკავშირთან ორმხრივ პროექტებზე დაფინანსების წყაროებზეც ხელმისაწვდომობა ვიქონიოთ. გარდა ამისა, ცალსახად ძალიან კარგი პირoბებია კონკურენციისა და სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომ კითხვები არ დარჩეს. ეს წესები თუ სხვაგან კარგად მუშაობას, საქართველოშიც ასე იქნება”, – ამბობს ვალიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი