ეკონომიკა

მთავრობა: ავიაკომპანია “Ryanair”–ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა

18 თებერვალი, 2016 • 1702
მთავრობა: ავიაკომპანია “Ryanair”–ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair”–ისაქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა,–ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „Ryanair“-ის კომერციულ დირექტორთან,  დეივიდ ობრაიანთან გამართა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემოთი, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადის  ზრდით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

დეივიდ ობრაიანის განმარტებით, ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფიგაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.

„დღეს პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც  ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ,“–აღნიშნა ავიაკომპანია „Ryanair“-ის კომერციულმა დირექტორმა დეივიდ ობრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  ევროპის ბაზარზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ აღნიშნულ კომპანიასთან და ისინი დღეს არიან ჩამოსულები თავიანთ ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთად, რათა შეაფასონ ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობა. გარდა ამისა, შეაფასონ ის ახალი შესაძლებლობები და ახალი მიმართულებები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ განვითარდეს საქართველოდან პირდაპირი ფრენები.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული,“–განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair” დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს  ავიარეისებს 191 აეროპორტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი