ეკონომიკა

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, თბილისმა აფხაზეთისთვის ელექტრონერგია რუსეთისგან შეიძინა

17 თებერვალი, 2016 • 1538
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, თბილისმა აფხაზეთისთვის ელექტრონერგია რუსეთისგან  შეიძინა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები რუსეთისგან თბილისმა შეიძინა. ეს განცხადება “ნეტგაზეთთან” საუბარში სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა 17 თებერვალს, თუმცა მისი თქმით, სამინისტრო დამატებითი დეტალების შესახებ, მათ შორის შეძენილი ელექტროენერგიის მოცულობაზე არ საუბრობს:

“შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან [ელექტროენერგიის] დამატებითი მოცულობის შემოტანა , რითაც შექმნილი ვითარება გარკვეუწილად დარეგულირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს”, – ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აფხაზეთის ელექტრომომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემების კომენტირებისას გააკეთა.

ამ საკითხზე კალაძემ ბრიფინგი დღეს, 17 თებერვალს გამართა:

,,აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად  ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერათაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანი სახელმწიფოს  შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად მთავრობის  პოლიტიკური პასუხისმგებლობაა  ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე.  ეს არის  ჩვენი კეთილი ნება და   მყარი პოზიცია.

როგორც თქვენთვის ცნობილია  საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრო მომარაგების საკითხი,  რადგან შემოსული   წყლის  რესურსის მცირე რაოდენობამ, ვერ უზრუნველყო  ენგურის დავარდნილი ჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება.

რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და, შესაბამისად სერიოზული  საფრთხე  შეექმნა  ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე”, – განაცხადა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

25 იანვრიდან აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება, რაც 15 აპრილამდე  ელექტოენერგიის განრიგით მიწოდებას გულისხმობდა. “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს აუცილებელი ზომა იყო, რადგან ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე რეკორდულად დაეცა. ტექნიკურ საკითხებში “ენგურჰესის” დირექტორის გია ხუბუას განცხადებით კი, არსებული შეზღუდვა საკმარისი არ იყო, რადგან  ბოლო ერთი წელია აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მკვეთრად მოიმატა, მაგალითად, მიმდინარე ზამთრის მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარებამ დღეში 800 მილიონ კილოვატსაათს მიაღწია. ხუბუას განმარტებით, ეს თითქმის 100%-იანი მოხმარებაა.

11 თებერვალს ბიოლის ფონდის მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთის ელექტრონერგიის უზრუნველსაყოფოად დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას არ გეგმავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი