ეკონომიკა

აქცენტები კობა გვენეტაძის გამოსვლიდან

16 თებერვალი, 2016 • 1364
აქცენტები კობა გვენეტაძის გამოსვლიდან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის განხილვას. გთავაზობთ ამონარიდებს გვენეტაძის განცხადებებიდან, რომლითაც მან სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა:

 

უჭერთ თუ არა მხარს საბანკო ზედამხედველობის იმ სისტემას, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს?

კი ან არა პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ძალიან გამიძნელდება. შემიძლია გითხრათ ასეთი რამ: არსებობს სხვადასხვანაირი პრაქტიკა. არსებობს ქვეყნები, სადაც ერთი მოდელი მუშაობს, არსებობს ქვეყნები, სადაც მეორე მოდელი მუშაობს. მე რამდენადაც ვიცი ბოლო მიმართულებები იხრება იქით რომ საკრედიტო  და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თანაარსებობა აბსოლუტურად შესაძლებელია და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა ერთ ორგანიზაციაში გაცილებით უკეთესად შეიძლება მოხდეს.

იქონიებს თუ არა საბჭოში თქვენს მუშაობაზე გავლენას ის ფაქტორი, რომ თქვენ კერძო ბანკის, საქართველოს ბანკის მრჩეველი ბრძანდებით?

 

არა.

 

რა როლი ჰქონდა საგარეო ფაქტორებს ლარის კურსზე?

 

იყო ასეთი შეკითხვა, საგარეო ფაქტორებმა ითამაშა თუ არა როლი: შემცირდა ექსპორტი, იმპორტი, მიზეზები, გამოსწორების გზები… ნამდვილად იყო ასეთი ფაქტორები. მოგეხსენებათ, ნავთობის ფასები ძალიან დავარდა.  ქვეყანაში შემომავალი სავალუტო დინებები  აუცილებელია იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა იკვებებოდეს  და  შედარებით სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული. ბევრი ქვეყანის ეკონომიკა შემცირდა რამაც შესაბამისად შეამცირა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზეც. გადმორიცხვები, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში სავალუტო დინებებისათვის. მოგეხსენებათ, რუსეთის ფაქტორი, საბერძნეთის ფაქტორი, აქედან გამომდინარე, ალბათ, შეუძლებელი იყო, რომ რაიმე ცვლილება არ მომხდარიყო და  საგადასახადო ბალანსზე არ ასახულიყო. აქ სხვადასხვა მიმართულებაა. იყო ფაქტორები, რომლებიც დადებითად მოქმედებდა, მაგალითად, ნავთობის ფასის ცვლილება და შემცირება, ერთი მხრივ, ძალიან კარგი არის საქართველოს საგადასახადო ბალანსისა და სავაჭრო ბალანსისასთვის, რადგანაც უფრო ნაკლები ფულია გადასახდელი, მაგრამ ამავე დროს დავაკვირდეთ მონეტის მეორე მხარეს, როდესაც რუსეთში ასეთ დონეზე მცირდება შემოდინებები, ე.ი. ნავთობიდან მიღებული სახსრები, იქ დასაქმებულ ქართველ მოსახლეობას უკვე აღარ აქვს იმდენი საშუალება, რომ აქ გადმორიცხონ. ამიტომ, საკმადო ბევრი იყო პლიუსები და მინუსები. იგივე ნავთობის ფასების შემცირებამ საბოლოოდ ინფლაციაზე შემამცირებელი გავლენა იქონია. ასე რომ, ნამდვილად იყო საგარეო ფაქტორები, რომლებმაც როლი ითამაშეს და ამის უგულვებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება.

 

დოლარში აღებული სესხების შესაძლო კორექტირება
მე რამდენადაც მესმის, ხელშეკრულება, რომელიც არის გაფორმებული ბანკსა და მსესხებელს შორის, უნდა შესრულდეს. მე ამას უფრო სხვანაირად მივუდგებოდი. ალბათ, კომერციულმა ბანკებმა წინასწარ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ იმას, რომ კარგად შეაფასონ კლიენტი. არის თუ არა რაიმე რისკები იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მოხდება კურსის გაუფასურება. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ყურადღების გამოჩენა და ფრთხილად ყოფნა, მნიშვნელოვანწილად შეამცირებს რიგ შემთხვევებს. ამავე დროს, ეროვნულმა ბანკმაც მექანიზმებით უნდა გაითვალისწინოს ეს და რამდენადაც ვიცი, ეროვნული ბანკი აკეთებს კიდეც ამას. მას აქვს ერთ-ერთი მექანიზმი, რომ არ მოხდეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, არაჰეჯირებული სესხების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიცემა. წინასწარი პირობები და წინასწარი გაფრთხილებები აუცილებელი იქნება იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

შეკითხვა დაისვა რეფინანსირების პროცენტის გაზრდასთან დაკავშირებით… ის მსესხებლებს დააწვა, რადგანაც ლარზე არის მიბმული. თქვენ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ რეფინანსირების სესხის პროცენტი არის  ის მექანიზმი, რომლითაც  თარგეთირებით ეროვნული ბანკი მოქმედებს ინფლაციაზე. ანუ მოკლევადიანი სესხები შემდეგ უკვე გადაეცემა გრძელვადიანს და აისახება ეკონომიკურ აქტიურობაზე და უკვე ინფლაციის დონის შემცირებაზე. ვფიქრობ, რომ ლარში გაცემული სესხების სტიმულირება აუცილებელია, რადგანაც მის გარეშე ყოველთვის დოლარებზევიქნებით  კონცენტრირებულები. და თუ შეიძლება ავირჩიოთ ორ ცუდ ვარიანტს შორის, ალბათ, მაინც უნდა ავირჩიოთ ის, როცა უნდა იყოს ასეთი წამახალისებელი სესხები. თუკი მოხდა ასეთი რამ, მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად ხდება თანამშრომლობა მსესხებელსა და ბანკებს შორის და ბანკებიც აჩვენებენ გარკვეულწილად კეთილ ნებას და ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგია, რათა გადამხდელებს ტვირთი შეუმსუბუქდეთ. რა თქმა უნდა, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი, მაგრამ არც მსესხებლის და არც ბანკის ინტერესებში არ შედის, რომ არ შესრულდეს ეს ხელშეკრულება. უნდა იყოს რეფინანსირების სესხები ლარებში, მაგრამ უფრო ძირეული და უფრო ყურადღებიანი მიდგომა უნდა იყოს მსესხებლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით.

“მცოცავი კურსი შთანთქვას შოკს”

რაც შეეხება იმას თუ, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, ალბათ, მაინც თავი უნდა შევიკავო ამის შეფასებისაგან იმიტომ, რომ არსებობს ასეთი გამოთქმა „გადაწყვეტილების მიღება, გარკვეულ პირობებში“ და  სრულად ჩემი თავის წარმოდგენა იმ სიტუაციაში გამიჭირდებოდა. ზოგადად, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ძალიან ბევრ, თუ არა ყველა შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფუნდამენტური ცვლილება და დიდი შოკი ხდება ეკონომიკაში, შეუძლებელია საიდანმე არ გავიდეს  წნევა. ბევრმა ქვეყანამ, რომლებმაც სცადეს, რომ დაეცვათ თავიანთი კურსი და ამ ქვეყნებში მე ვგულისხმობ ნავთობის მწარმოებელ იმ ქვეყნებსაც და რომელზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება მაქვს, თითქმის სრულიად უქმად დახარჯეს რეზერვები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რთული გადაწყვეტილება და რთული სიტუაციაა, მაგრამ  გადაწყვეტილება მისაღებია და მცოცავი კურსი ზუსტად იმიტომ არის კარგი, რომ ის შთანთქავს ამ შოკს, რაღაცნაირად გადაალახვინებს ეკონომიკას  და ვფიქრობ, რომ საქართველოც არ არის აქედან დაცული.

საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სხვაობა რეალურ ეკონომიკურ ტემპებთან

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკის სისტემები იღებენ  სესხებს თუ გადავხედავთ ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებლებს [დავინახავთ], რომ ალბათ, გარკვეულწილად, ბანკების დამსახურებაც არის ის, რომ ეკონომიკა იზრდება და სხვადასხვა სისტემა იზრდება. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ზრდა არ არის ყოველთვის ძალიან მაღალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბანკების როლი და დამსახურება საკმაოდ მაღალია რეალური ეკონომიკის განვითარებაში და ვფიქრობ, რომ ბანკებმა კიდევ უფრო დიდი როლი [უნდა] შეასრულონ. აქ იგულისხმება ის, რომ კონკურენციის განვითარება/გაღრმავებაც უნდა მოხდეს საბანკო სისტემაში.

სავალუტო ვაჭრობა ბლუმბერგის მიხედვით

ამასთან დაკავშირებით  სხვადასხვა სისტემა არსებობს. მე რამდენადაც მინახავს და  გავცნობივარ, ვფიქრობ, რომ ბლუმბერგის ვაჭრობა იძლევა იმ უპირატესობას, რომ ინფორმაცია  ხელმისაწვდომი და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიმდინარეობს, რა გაცვლითი კურსით ხდება ვაჭრობა. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც უნდა ამ ინფორმაციის მიღება და დანახვა, ინტერნეტით შეუძლია შესვლა და აქ არის სრული ინფრომაცია ტრანზაქციების შესახებ, რომელიც კეთდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი სისტემა. შეიძლება არის უკეთესიც, სამწუხაროდ, ახლა ვერ გეტყვით. მაგრამ ეს არის ის სისტემა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ქვეყანა იყენებს და კარგად არის აპრობირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი