ეკონომიკა

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში განათლების გერმანული მოდელი უნდა დაინერგოს

16 თებერვალი, 2016 • 1696
კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში განათლების გერმანული მოდელი უნდა დაინერგოს

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ბიზნესაცოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოთხბლოკიანი რეფორმა, რომლის გატარებასაც მთავრობა გეგმავს, განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვას გულისხმობს, რათა პროფესიული განათლების ეფექტიან სისტემას მეტი ყურადღება დაეთმოს.

კერძოდ,  რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდება.

„ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო რესურსი განაწილდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსი, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებით განაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვლება დღეს არსებული ვითარება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ 5-ჯერ ან 10-ჯერ მეტ ბანკირს, ვიდრე ეს საბანკო სექტორს სჭირდება რეალურად.ასევეა საგარეო ურთიერთობების, იურიდიული მიმართულებებით და ა.შ.

ჩვენ დღეს არ გვყავს მეცხოველეობის კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები, მაშინ, როდესაც ბიზნესმენები მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ მეცხოველეობაში და სამწუხაროდ, საკუთარი რესურსით, კადრებს ევროპაში გადამზადების მიზნით აგზავნიან. სახელმწიფო კი საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს ადამიანებზე, რომლებიც, ზუსტად ვიცით, რომ იქნებიან დაუსაქმებლები, ან უნდა გადაკვალიფიცირდნენ, რათა სამუშაო ადგილი იშოვონ. ამის გაგრძელება დაუშვებელია. შესაძლოა, ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამან გამოიწვიოს რეპოზიციონირების მოთხოვნა, თუმცა ამის გარეშე ახალგაზრდებს ვუბიძგებთ, საკუთარი თანადაფინანსებით მიიღონ განათლება იმისთვის, რომ შემდგომში აღმოჩნდნენ უმუშევრები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოთხბლოკიანი რეფორმა განათლების სფეროს გარდა მოიცავს საგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმას.

პრემიერის განცხადებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას – მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე მთავრობაში კონსენსუსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ წინადადებას მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს.

“ჩვენ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას. მეორეს მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარშემო არ არის ისეთი დინამიური ეკონომიკური განვითარება, ეს ცვლილება დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები აღარ დაყადაღდება და ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი; ძირითადი საშუალებების იმპორტირებისას დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება; ასევე, საგადასახადო შემოწმებაში მხოლოდ შემოსავლების სამსახური მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, თუმცა ის გამოყენებული იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, იმის მიუხედავად, რომ გასულ წლებში სხვაგვარი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული.

“ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტია, რომელიც თვისობრივად ცვლის ბიზნესგარემოს საქართველოში. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, კიდევ რა არის გასაკეთებელი, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესში ჩართულ ყველა სუბიექტს. ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს მცირე და მიკრომეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან. გვსურს, გავაფართოოთ დიალოგის ფორმატი და მასში ჩაერთონ არაცნობადი სახეები, რომლებიც თუნდაც ძალიან წვრილი ბიზნესით არიან დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იგრძნოს თავი ამ დიალოგში ჩართულად,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესისთვის დაფინანსების სპეციალური მექანიზმების შექმნის შესახებ, რომელიც საგადასახადო რეფორმების ბლოკის ერთ-ერთი ნაწილია და რომელიც სავარაუდოდ, აპრილი-მაისიდან ამოქმედდება.

რეფორმების შემდეგი ბლოკი – მმართველობის რეფორმა გულისხმობს იმას, რომ როგორც ფიზიკურმა, ისე – იურიდიულმა პირებმა სახელმწიფო სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ, ისე, როგორც ეს იუსტიციის სახლებში და მომსახურების ცენტრებში ხდება.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა აღარ იარონ სამინისტროებში; სამინისტრო იყოს ე.წ back office, ხოლო, მთავრობის ერთიანი front office ერთ სივრცეში განთავსდეს. პროცესი ციფრულ სივრცესაც მოიცავს, რათა ყველა სერვისი თანდათან ციფრულ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალ პრინციპებზე გადაყვანის გეგმას ამზადებს, რათა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განვითარდეს.

“საუბარია ჩქაროსნული მაგისტრალსა და არაერთ მნიშვნელოვანი გზაზე, მათ შორის – ქუთაისი-სვანეთის, გომი-რაჭის, ქუთაისი-სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები; ლარსი-მცხეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზები და თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელზეც შემდგომ მთელი ეკონომიკა აშენდება. ამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კონკრეტულ ნაბიჯებს შემოგთავაზებთ, რათა ძირითადი ჩონჩხი დაგეგმილი 2023 წლის ნაცვლად, 3-4 წელიწადში დასრულდეს,” – განაცხადა პრემიერმა

პრესსამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობას ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მათი ცნობით, პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც აღნიშნული გეგმების შესრულებას კოორდინაციას გაუწევს.

 

კიდევ ერთი სიახლე, რაზეც დღეს კვირიკაშვილმა ისაუბრა, არის ის, რომ  2017 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საპენსიო სისტემა, რომლის მოდელიც უკვე მზად არის. მთავრობა ამჟამად საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს. გარდა ამისა, იგეგმება კაპიტალის ბაზრის რეფორმაც.

პრესსამსახურის ცნობით, პრემიერი ასევე გეგმავს, პირადად ჩაერთოს საერთაშორისო ვიზიტებში, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, კონკრეტული პროექტების პოპულარიზაციას და ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს ამ პროცესში მაქსიმალური ჩართულობის თხოვნით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი