საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 10 მარტიდან მთავრობა სასურსათო ვაუჩერების დარიგებას იწყებს. 9 მარტს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სასურსათო ვაუჩერების განაღდება მოსახლობას მხოლოდ “ლიბერთი ბანკის” ოფისებში, ხოლო რეგიონებში “ლიბერთი ბანკის” მოძრავ სერვის-ცენტრებში შეეძლებათ. ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასურსათო ვაუჩერების განაღდება ნებისმიერ კომერციულ ბანკში იყო შესაძლებელი, თუმცა, საბოლოოდ, მთავრობამ ვაუჩერის განაღდების უფლება მხოლოდ “ლიბერთი ბანკს” მიანიჭა, რადგანაც, მათი აზრით, ბანკს სოციალური მომსახურების მხრივ, ბანკს დიდი გამოცდილება აქვს. (პენსიების დარიგება “ლიბერთი ბანკის” მეშვეობით ხდება). ვაუჩერების განაღდება 1 ივნისამდეა შესაძლებელი. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სასურსათო ვაუჩერს მილიონზე მეტი ოჯახი მიიღებს, რაც სურსათზე გაზრდილი ფასების კომპენსაციაა.
“ენერგო ვაუჩერების შემდგომ, მთავრობამ სასურსათო ვაუჩერების დარიგება დაიწყო. სოლიდარობის აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, ამ სასურსათო ვაუჩერების უფრო გაჭირვებული ოჯახებისათვის გადაცემა. სასურსათო ვაუჩერის ღირებულება 30 ლარია და საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს გადაეცემა, რაც თავის მხრივ, გაზრდილი ფასების კომპენსირებას მოახდენს. ჩვენი მიზანია, რომ ვაუჩერები დროულად დარიგდეს, რადგანაც სწორედ ამ პერიოდში არის სურსათზე მომატებული ფასები”-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა. მინისტრის თქმით, სასურსათო ვაუჩერების დარიგება აპრილის ბოლომდე დასრულდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ განმარტა, ენერგო ვაუჩერების მსგავსად, სასურსათო ვაუჩერების დარიგებისას პრობლემები არ შეიქმნება, ვინაიდან თავად სისტემაში პრობლემები აღმოფხვრილია და სოციალური სუბსიდიების სააგენტო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს. “სასურსათო ვაუჩერის მიმღები ოჯახების ნუსხა იდენტურია ელექტრო ვაუჩერების მიმღები ოჯახების ნუსხისა. ამ პერიოდში სიების დაზუსტებაც მოხდა და სასურსათო ვაუჩერების განადება 1 ივლისამდე იქნება შესაძლებელი”- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასურსათო ვაუჩერებისთვის ბიუჯეტიდან 31 429 465.0 ლარი გამოიყო. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სასურსათო ვაუჩერით ის პირები ისარგებლებენ, რომელთაც თავის დროზე ელექტროენერგიის ვაუჩერით ისარგებლეს, მათ შორის დევნილები. სასურსათო ვაუჩერის განაღდება ერთჯერადად, საბანკო დაწესებულების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.