ეკონომიკა

რას წარმოადგენს „საპარტნიორო ფონდი“

9 მარტი, 2011 • • 1062
რას წარმოადგენს „საპარტნიორო ფონდი“

დღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საპარტნიორო ფონდის მიზნებზე, მის მიერ პროექტების დაფინანსების პრინციპებზე, დაფინანსების წყაროსა და ფონდის სტრუქტურაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა პირველი მოსმენით  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  ”საპარტნიორო ფონდის შესახებ”  კანონპროექტი განიხილეს, რომლის მიზანიც სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა და განხორციელებული პროექტების განსახელმწიფოებრიობაა. საპარტნიორო ფონდში პროექტის განხილვა იმ შემთხვევაში მოხდება,  თუ პროექტის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში  მინიმუმ 5 მილიონი ლარი იქნება, ხოლო არასასოფლო–სამეურნეო სფეროში მინიმუმ-30 მილიონი ლარი. ამავე დროს, პროექტში კერძო სექტორის მონაწილეობა მისი საბოლოო ღირებულების 25%–ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფონდის დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი არ იქნება, გარდა პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხებისა. ფონდის დაფინანსების წყარო ასევე შეიძლება იყოს: საერთაშორიოს საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხი, რომლის დაბრუნებაზე ფონდი თავად აგებს პასუხს; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები და კერძო სექტორიდან თანადაფინანასებით მოზიდული თანხები. პროექტის თანახმად,  ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს.

ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ”ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონში ცვლილებები განხორციელდება.  კომიტეტმა პირველი მოსმენით პარლამენტის წევრის, ლაშა თორდიას საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის თანახმად, ლეგალიზების განმახორციელებელ ორგანოში, 2012 წლის 1 აპრილამდე შეტანილ განცხადებაზე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების საფუძველი გახდება, 2007 წლის 1 იანვრამდე კანონდარღვევით შედგენილი: მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება–ჩაბარების აქტი; მიწის სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი და სხვა. ლეგალიზების საფასური ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე 15 ლარი იქნება. პროექტის შესაბამისად, ლეგალიზების პროცესი დაიწყება და განხორციელდება ეტაპობრივად, 2011 წლის 1 აპრილამდე. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაევალება, 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე  მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის პროცესის მოწესრიგების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი