მიმდინარე წლის პირველ თებერვალს სახელმწიფომ განბაჟების წესები შეცვალა. ახალი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია ვაჭრობისთვის საქონლის შემოტანა ხელით და სამგზავრო ტრანსპორტით, დასაშვებია მხოლოდ სატვირთო ავტომანქანებით შემოტანა. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი წესები მცირე ბიზნესს საბოლოოდ გააკოტრებს.
“ახალმა სტრატეგიამ სრულად უნდა აღკვეთოს კონტრაბანდული საქონლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას” – წერია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, თუმცა მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სხვაგვარად ფიქრობენ.
“1000 და 2000 დოლარით ვინც ვაჭრობს, მათი მომავალი საეჭვოა. ვისაც დიდი ბრუნვა აქვს, მათ მაინც რჩებათ მოგება. თუ განბაჟების ტარიფებმა არ დაიწია, გავკოტრდებით. ალბათ დარჩება ათი კაცი, ვინც აიღებს მონოპოლიას ხელში, – ამბობს, რ.ე. რომელიც სტამბოლში შეძენილი ტანსაცმლით ვაჭრობს – თუ ასე გაგრძელდა, მცირე ბიზნესი მოისპობა. რას მოიგებს ამით სახელმწიფო. საარსებო საშუალებას რომ მართმევენ, ფსიქოლოგიურადაც მანადგურებენ. მე რომ გადასახადებს ვეღარ გადავიხდი, ვეღარ შევინახავ სამ სტუდენტს, ბანკი წამართმევს სახლს, ხელისუფლების 30-ლარიანი ვაუჩერი მიშველის? რატომ არ ფიქრობს ამ პრობლემაზე სახელმწიფო”.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს “ახალი კურსი”, როგორც ხელისუფლებაში მიაჩნიათ, კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, მოქალაქეებს სამართლიან ადმინისტრირებას სთავაზობს, რაც გულისხმობს “ბიზნესის დაცვას არაჯანსაღი კონკურენციისგან და კონტრაბანდისგან”. ასევე, “გადამხდელის თანაბარ პირობებში ჩაყენებას, გამონაკლისის გარეშე”.
რ.ე.: “როცა მცირე და მსხვილი ბიზნესი ერთნაირად იბეგრება, ეს არ არის ბიზნესის თანაბარ პირობებში ჩაყენება. განბაჟების პროცესი გართულებული და გაძვირებულია. მოსაკრებლის თანხას ცალკე იხდი, ტვირთის გადაზიდვისას ცალკე, შენახვისას ცალკე, ამას ემატება მგზავრობის საფასური, 18 პროცენტზე ადის ხარჯები. შესაბამისად, იძულებული ხარ, საქონელიც გააძვირო. თუკი მე ვეღარ გავყიდი შემოტანილ საქონელს, რაში მჭირდება ამდენი წვალება”.
რ.ე-ს მსგავსად ფიქრობს მ-ც: “დღეს გადმოვედი საბაჟოზე. ახალი ტერმინალი ამუშავდა, „გეზი“ და იმის მეშვეობით გადმოვიტანე ტვირთი. განბაჟების თანხები გაზრდილია, მარტო ანგარიშფაქტურაში ვიხდი რვა პროცენტს. ამას ემატება სხვა უამრავი ხარჯი. მინიმუმ 10-15 ლარით მაინც უნდა გავაძვირო პროდუქცია, რომ დანახარჯი ცოტათი ამოვიღო. მსყიდველუნარიანობა კი ძალიან დაბალია. თუ განბაჟება ასეთი ძვირი დაგვიჯდა, აუცილებლად წაგებაზე წავა ეს ბიზნესი”.
გ-ი სავაჭრო ცენტრ “მოსკოვში” ვაჭრობს. იგი საზღვარზე მას შემდეგ აღარ გადასულა, რაც განბაჟების წესები შეიცვალა: “ხელით და ავტომობილით საქონლის გადმოტანა რაც აიკრძალა, მას შემდეგ აღარ გადავსულვარ. სტამბოლში საქონელი ძალიან გაძვირდა. ცალობით ნაყიდ საქონელზე ანგარიშფაქტურებს არ გვაძლევენ, თუ გააკეთებ, ზედმეტი უნდა გადაუხადო. “ინვოისის” გარეშე წამოღებას აზრი აღარ აქვს, საბაჟოზე გატოვებინებენ საქონელს და უნდა იზარალო”.
სავაჭრო ცენტრ “ალამი”-ს, მოვაჭრეებიც ფიქრობენ, რომ გაზრდილი გადასახადები მცირე ბიზნესს დააზარალებს. “იმ თანხით, რითაც ვვაჭრობდით, ვეღარ გადავალთ, რადგან მოგება აღარ გვრჩება. 10-15 ათასი დოლარი უნდა გქონდეს, რომ ვაჭრობა გიღირდეს. ანგარიშფაქტურები როცა არ გვქონდა, საბაჟო თავისი ტარიფებით გვიფასებდა საქონელს, რაც შეუსაბამო იყო რეალურ ფასებთან. ახლა საერთოდ ვეღარ განაბაჟებ “ინვოისის” გარეშე ტანსაცმელს.… ალბათ, მცირე ბიზნესი ვეღარ იარსებებს ამ სფეროში”.
მოვაჭრეები განბაჟების წინააღმდეგნი არ არიან, ისინი მხოლოდ ადეკვატურ გადასახადებს მოითხოვენ: “10-ლარიანში რომ 100 ლარს მახდევინებ, რამდენად გავყიდო მერე ეს საქონელი… ვისაც დიდი ფული აქვს, ის შემოიტანს, ჩვენ კი დაგვიქირავებენ(?) როგორც იაფ მუშახელს”.
რ.ე: “განბაჟების ტარიფები მაღალია, ამის გარდა, გვიმტკიცებენ 15-წუთიანი პროცედურააო. ეს დრო მარტო ერთი დოკუმენტის გაკეთებას არ ჰყოფნის. ღამის პირველ საათზე წვიმაში, თოვლში, ხან აქეთ გიშვებენ, ხან – იქით. ეთიკაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ისე უხეშად გელაპარაკებიან და გექცევიან, თითქოს დამნაშავე იყო. რომელ კანონში წერია ეს”.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზაურ ამილახვარი, რომელიც დიდი ხანია საბაჟო საკითხებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ საბაჟო ადმინისტრირებაში შესული ცვლილებები მცირე ბიზნესის საწინააღმდეგოდ მუშაობს: “იმპორტის გადასახადი ადგილზე უნდა წარმოებდეს. ის, რომ ტვირთის შემოტანის უფლება მხოლოდ გადამზიდავ კომპანიებს აქვთ, ეს ერთეული პირების ინტერესებში შედის და არა მოსახლეობის. რატომ უკრძალავ, წარმოადგინა ნასყიდობის დოკუმენტი, გადაახდევინე დადგენილი კანონმდებლობით. ამით ფასების სტაბილიზაციაც მოხდება და კონკურენციაც იქნება ჯანსაღი. როცა წვრილ შემომტანსაც და მსხვილსაც ერთნაირი განაკვეთებით ბეგრავ, ეს არ არის სამართლიანი”.
ზაურ ამილახვარის აზრით, უკანონოა სახელმწიფოს მიერ დაწესებული მომსახურების გადასახადიც: “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს, რომ ფიზიკური პირის, ანუ ჩემ შესახებ არსებული ინფორმაცია უნდა მივიღო დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ. სახელმწიფომ კი ეს ინფორმაციაც ფასიანი გახადა”.
მოვაჭრეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ფინანსური სტაბილურობა არ აინტერესებს: “მრცხვენია იმის ყურება, დავით ბაქრაძე ჯიბიდან 20 ლარს რომ იღებს და ტელეკამერის წინ აძლევს თავის გაუბედურებულ მოქალაქეს. რად მინდა სხვისი ჯიბიდან ამოღებული 20 ლარი. რატომ მართმევს სახელმწიფო იმის უნარს, რომ სახლი შევღებო და გადასახადი გადავიხადო. რატომ ცდილობს ხელისუფლება, გაგვხადოს მათზე დამოკიდებული. დღეს ათი გაჭირვებული ჰყავს, ხვალ ასი ეყოლება, მოსწონთ დაძონძილი და მშიერი ადამიანების ყურება?” – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
მალე მომხმარებელს საგაზაფხულო გარდერობის განახლება გაორმაგებული ფასებით მოუწევს, თუმცა ნაკლები იქნება არჩევანიც, რადგან მოვაჭრეები კოლექციის განახლებას ამ ეტაპზე ერიდებიან.
განბაჟების რეგულაციების შეცვლამ პრობლემები შეუქმნა კერძო პირებსაც. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ პირადი მოხმარებისთვის შეძენილი ნივთების განბაჟებასაც სთხოვენ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონელი, რომელიც განკუთვნილია სავაჭრო საქმიანობისთვის, აუცილებელია მისი გამოგზავნა გადამზიდავი კომპანიების საშუალებით. “ხოლო კერძო პირთათვის რეგულაციის კანონები არ შეცვლილა” – აცხადებს სამსახურის წარმომადგენელი, სალომე მაჭარაშვილი. მისივე განცხადებით: “საზღვრის გადმომკვეთი პირის ხელბარგი არ უნდა აღემატებოდეს 30კგ-ს და 300 ლარის ღირებულებას. სხვა შემთხვევაში საქონელი ექვემდებარება ჩამორთმევას”.
სამინისტროს ინფორმაციით, განბაჟების წესები არ შეცვლილა საკვებ პროდუქტებთან მიმართებით: “საკვები პროდუქტები შემოდის კონტეინერით, რომელსაც მოეთხოვება გარკვეული საბუთების და სერტიფიკატის არსებობა. ტვირთის გაფორმება მიმდინარეობს ეკონომიკურ ზონაში – „გეზი“. მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ მომსახურების ხარჯების გაზრდამ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია.
საბაჟოზე ჩამორთმეული საქონლის რეალიზება ძირითადად თბილისში, სახელმწიფოს კუთვნილ და დაქირავებულ სავაჭრო ობიექტებში 50-პროცენტიანი (და უფრო ნაკლები) ფასდაკლებით ხორციელდება. 2009 წელს ჩამორთმეული ქონების რეალიზაციისგან მიღებულმა შემოსავალმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 354 331 ლარი შეადგინა.