ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიზნით, მორიგი საჯარო აუქციონი ჩატარდა. აუქციონზე ე.წ. არამიანცის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე კლინიკა იყო გამოტანილი, კერძოდ, შპს ”გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა-ნევროლოგის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის საწყისი ფასი 160 000 ლარი გახლდათ; შპს ”ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა-სინთეზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი-საწყისი ღირებულებით 180 000 ლარი, შპს ”ნეიროქირურგიული კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი-საწყისი ფასით 180 000 ლარი, შპს ”ზოგადქირურგიული კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი-საწყისი ფასით 250 000 ლარი.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, აღნიშნული კლინიკების საპრივატიზებო თანხის გადახდა საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს, ხოლო საპრივატიზებო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში.
აღნიშნული კლინიკებიდან ორი – შპს ”ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა-სინთეზი“ და შპს ”ზოგადქირურგიული კლინიკა“ – შპს „ალსის“ დირექტორმა, გიორგი ქავთარაძემ იყიდა. მან შპს ”ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკა-სინთეზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილში 200 000 ლარი გადაიხადა, ხოლო შპს ”ზოგადქირურგიული კლინიკის“ 100%-იანი წილი 455 000 ლარად შეიძინა.
შპს ”გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა-ნევროლოგი” ფიზიკურ პირთა გაერთიანების წარმომადგენელმა, ნოდარ კაკაბაძემ 275 000 ლარად შეიძინა, ხოლო შპს ”ნეიროქირურგიული კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი ჯონდო გიგანმა იყიდა. მან აღნიშნულ კლინიკაში 305 000 ლარი გადაიხადა.