ეკონომიკა

სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის განსახორციელებლად რუსეთი 19 ტრილიონ რუბლს დახარჯავს

2 მარტი, 2011 •
სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის განსახორციელებლად რუსეთი 19 ტრილიონ რუბლს დახარჯავს

ფოტოს წყარო: profi-forex.org
ფოტოს წყარო: profi-forex.org

რუსეთის ფედერაციაში ეროვნული თავდაცვის სისტემის მოდერნიზების ფედერალური პროგრამა უახლოეს თვეებში დამტკიცდება. საკითხის ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთი 20 ტრილიონ რუბლს დახარჯავს ეროვნული არმიისა და ფლოტის ხელახლა აღჭურვაში.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის განცხადებით, ხელისუფლებისთვის უკვე ცნობილია, თუ რა ოდენობის დაფინანსებას საჭიროებს აღნიშნული პროგრამა. გარდა ამისა, თავდაცვის სფეროს დაფინანსება წელსაც გაიზრდება.

თავდაცვის გაერთიანების პრეზიდენტმა, სერგეი მაკსინიმ, ეკატერინბურგში, გაერთიანების ყოველწლიურ შეხვედრაზე, განაცხადა, რომ რეგიონული (სვერდლოვსკის რეგიონი) თავდაცვის მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხები 57 მილიარდი რუბლით გაიზრდება, ნაცვლად 16.6 მილიარდისა 2010 წელს.

სააგენტო „ინტერფაქსის“ განცხადებით, საინვესტიციო პროგრამის ოდენობა 2011 წელს გასული წლის ოდენობას, შესაძლოა, 3.4-ჯერ აღემატებოდეს.

მიუხედავად არმიის ხელახლა შეიარაღების მასშტაბური გეგმებისა, 2011 წლის კონტრაქტები თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ ხელმოწერილი ჯერ არ არის. უფრო მეტიც, როგორც ადრე ითქვა, ახალი კონტრაქტების ფასები 2009 წლის  მაჩვენებლების დონეზე დარჩება.

2011-2020 წლებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 19 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის განსახორციელებლად. თავდაცვის მინისტრი სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს თავდაცვის  სისტემის მოდერნიზებისათვის საჭირო პროდუქციის ფასების განსასაზღვრად. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება ახალი შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკის შესაძენად, გეგმაშია, აგრეთვე, ასობით ზედაპირული და წყალქვეშა გემის შეძენა, მათ შორის, 8 ოპერატიული და 20 არაოპერატიული წყალქვეშა ნავის, ბირთვული 955 Borei კლასის წყალქვეშა გემის, 600 თვითმფრინავის, ათასობით ვერტმფრენის, 56 დივიზია S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ათი დივიზია S-500-ის კომპლექსების, 10 ბრიგადა ისკანდერის სარაკეტო სისტემების შეძენა და ა.შ.

რუსეთი ახალი ტიპის იარაღის განვითარების პროგრამაზეც იმუშავებს, რომელიც თხევად საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შექმნას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 19 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დოკუმენტს სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომელიც 2020 წლამდე ეროვნული თავდაცვის სისტემის განვითარებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პროგრამაში 1,729 პროექტი უნდა იყოს ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი