ეკონომიკა

ვიქტორ დოლიძე: ჯანდაცვის თვალსაზრისით, საქართველო სავალალო მდგომარეობაშია

2 მარტი, 2011 • • 1078
ვიქტორ დოლიძე: ჯანდაცვის თვალსაზრისით, საქართველო სავალალო მდგომარეობაშია

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემები წარმოადგინა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ჯანდაცვის თვალსაზრისით საქართველო სავალალო მდომარეობაშია.

საკრებულოს წევრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის მონაცემებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო ევროპის 47 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. მოსახლეობის ზრდის თვალსაზრისით კი საქართველო მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის 192-ე ადგილს იკავებს. ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაში გაწეული ხარჯები 35 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა ეს მონაცემები საფრანგეთის მაგალითზე 3655 აშშ დოლარს, ამერიკაში -3317 დოლარს, გერმანიაში -3236 დოლარს, ესტონეთში – 640 დოლარს, ლიტვაში – 523 დოლარს, რუსეთში კი  243 დოლარს შეადგენენ.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნის მიხედვით, საქართველო ბიზნესის დაწყების კუთხით მსოფლიოს 129 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა. საქართველოს მთავრობა ამ თემით ხშირად სპეკულირებს. ბიზნესის დაწყება ძნელი არ არის, მისი წარმოებაა რთული. ამ მონაცემებს კი ხელისუფლება საკუთარ ხალხს უმალავს. ის, რომ კერძო კომპანიები, კერძო კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები უნდა არსებობდნენ, ეს სხვა საკითხია და ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა გამართული სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, მონგრეულია”, _ დასძინა ვიქტორ დოლიძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თვლის, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ვიქტორ დოლიძის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე.  როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით , ერთ სულ მოსახლეზე 410 ლარი იხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი