ეკონომიკა

ახალი ვალდებულებები ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის

2 მარტი, 2011 • • 1197
ახალი ვალდებულებები ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში  ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებელს უფლება ენიჭება, პუნქტისგან ოპერაციის გაუქმება და  გაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნება მოითხოვოს. აღნიშნული დამატება შედის  “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონში. კანონპროექტი საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე  ერთ–ერთმა ინიციატორმა, ანდრო ალავიძემ წარადგინა. როგორც მან განმარტა,   პუნქტს ვალდებულება ეკისრება, მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდოს ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ.  პროექტის მიხედვით, პუნქტი ვალდებულია, მომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას  განათავსოს.

გარდა ამისა, “საპარტნიორო ფონდის შესახებ” კანონპროექტით, ხდება საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების ფორმით შექმნა, რომელიც მოახდენს იმ პროექტების  75%–ან თანადაფინანსებას, რომლის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება არანაკლებ 5 მლნ ლარი, ხოლო სხვა სფეროში – არანაკლებ 30 მლნ. ლარი.

ცვლილებები და დამატებები შედის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომლის მიხედვით, ქ. ბათუმში პარკირების წესების დარღვევისათვის მოხდება ქ. თბილისის იდენტური წესების გავრცელება.  

კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი “საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ” 2010 წლის 23 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება” განიხილეს, რომლის თანახმად, სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთი საქართველოს 1.207.500 თურქული ლირის ეკვივალენტს აშშ დოლარებში (755 000 აშშ დოლარი) გადასცემს, რაც გამოყენებული იქნება 2011–2015 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი