ეკონომიკა

აშშ-ს შემდეგ კადაფის ანგარიშებს გერმანია და ავსტრია ყინავს

2 მარტი, 2011 • • 1277
აშშ-ს შემდეგ კადაფის ანგარიშებს გერმანია და ავსტრია ყინავს

გერმანია ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟის საბანკო ანგარიშებს ყინავს. ამის შესახებ РИА “Новости” გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამინისტროს განცხადების საფუძველზე იუწყება.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტულად საქმე ეხება 2 მილიონი ევროს ოდენობის ქონებას, რომელსაც მუამარ კადაფის ვაჟი ერთ-ერთ გერმანულ ბანკში ფლობს.

ლიბიაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის საფუძველზე გადაწყვეტილება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთად მიიღეს. 15 თებერვლიდან ლიბიაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც კადაფის გადადგომას ითხოვენ, რომელიც 42 წელია ქვეყანას მართავს.

გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამინისტრო განცხადებაში არ აკონკრეტებს, თუ მუამარ კადაფის რომელი ვაჟის ანგარიში იბლოკება, თუმცა ცნობილია, რომ მიუნხენში ცოტა ხნის წინათ ლიბიის ლიდერის ერთ-ერთი ვაჟი, ზაიფ ალ-არაბ კადაფი ცხოვრობდა.

მას შემდეგ, რაც გერმანიამ კადაფის ანგარიში დაბლოკა,  „როიტერს“ მიუვიდა შეტყობინება, რომ ავსტრიამაც გაყინა ლიბიის ლიდერის ოჯახის ანგარიში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოვლენებამდე აშშ-მ დაბლოკა ლიბიის მმართველობის აქტივები 30 მილიარდი დოლარის ოდენობით, ამის შესახებ ორშაბათს აშშ-ს  ფინანასთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმის და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, დევიდ კოენმა განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი