ეკონომიკა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 40 მილიონი ლარი დაიხარჯება

2 მარტი, 2011 • • 1074
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 40  მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი  და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ. ისინი  შიდა  ქართლის გუბერნატორს – ზურაბ არსოშვილს, აღნიშნული რეგიონების მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მაჟორიტარ დეპუტატებსა და თვითმმართველ ერთეულთა სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე მათ გასული წელი ერთობლივად შეაჯამეს და 2011 წელს განსახორციელებელი პროექტები დაგეგმეს.

2010  წელს, სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ,  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში  და  „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან”,   ერთობლივად 476 პროექტი განხორციელდა, რომლებზეც  10 მილიონ 754 ათასი ლარი დაიხარჯა.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული თანხა სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაწყვეტას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სოფლების კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებას მოხმარდა.

რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, 2011 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საქართველოს რეგიონებში სულ 40  მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან”  60 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი