ეკონომიკა

მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდება

1 მარტი, 2011 • • 1047
მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდება

თბილისის მერიის ცნობით, აღმაშენებლის ხეივანში აზერბაიჯანული ინვესტიციით მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამედიცინო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დაათვალიერა და ინვესტორსა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. კლინიკის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დაიწყო. ობიექტზე 60 ადამიანია დასაქმებული. კლინიკის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება.

თბილისის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სამედიცინო ცენტრი 196 საწოლ ადგილზეა გათვლილი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სამედიცინო კლინიკაში გულზე, თირკმელებზე, ფილტვებზე და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებზე ისეთი ოპერაციები ჩატარდება, რაც აქამდე საქართველოში არ ტარდებოდა, გათვალისწინებულია ასევე ორგანოთა გადანერგვაც. 
სამედიცინო ცენტრში ადგილობრივ ექიმებთან ერთად, ისრაელის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებილი შტატების წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები იმუშავებენ. სპეციალურად მათთვის სამედიცინო კომპლექსში სასტუმრო ბლოკი მოეწყობა.

„უახლოესი ორი წლის განმავლობაში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხორციელდება აზერბაიჯანული კერძო ინვესტიციით. საავადმყოფოში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად სამასამდე ქართველი ექიმი იმუშავებს, ანუ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პარალელურად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში, სამედიცინო მომსახურებას გააუმჯობესებს, მას ხარისხიანისა და ხელმისაწვდომს გახდის. თბილისს აქვს პოტენციალი, სხვა ქვეყნებიდან პაციენტები მოიზიდოს, რაც დამატებით შესაძლებლობას შექმნის სამედიცინო სფეროს განვითარებისათვის,“-განაცხადა ქალაქის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი