ეკონომიკა

თეგეტა მოტორსი ფოთში

1 მარტი, 2011 •
თეგეტა მოტორსი ფოთში

28 თებერვალს კომპანია „თეგეტა მოტორსმა” ქ. ფოთში ახალი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტისა და გადამზიდავი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი. სერვის-ცენტრის გახსნას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილი კომპანიის თანამშრომლების ხელფასების ოდენობითა და განათლებით დაინტერესდა. მისივე განცხადებით, “თეგეტა მოტორსი” ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა.

“თეგეტა-მოტორსის“ ცნობით, ობიექტი, ძირითადად, სატვირთო ავტომობილების სერვისზეა გათვლილი, თუმცა, მსუბუქ ავტომობილებსაც მოემსახურება. იგი  11 000 კვ.მ. ტერიტორიაზეა განლაგებული და მის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიცია 5 მლნ. ლარს შეადგენს, რომელიც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”-ს მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზის დაფინანსების საშუალებით მოხდა.

კომპანიის ცნობით, ფოთის სერვის-ცენტრის გახსნით „თეგეტა მოტორსმა” 44 ადამიანი დაასაქმა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა, არჩეულმა კანდიდატებმა ტრეინინგები და სტაჟირება თბილისში, კომპანიის სათაო ოფისის ცენტრში, გაიარეს.

ფოთის პროექტის განხორციელებას „თეგეტა მოტორსისთვის“ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დატვირთვა აქვს, რადგან იგი საკვანძო ობიექტია კავკასიის სატრანზიტო ქსელში; შესაბამისად, ფოთის სერვის-ცენტრი გათვლილია არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონსა და შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებზე. ამასთანავე, „თეგეტა მოტორსის“ ცნობით,   ეს ობიექტი სამომავლოდ საკვანძო როლს შეასრულებს ქსელის გაფართოების საკითხში მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც 2011-2012 წლებში ახალი სერვის ცენტრების მშენებლობა იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი