ეკონომიკა

გიგი უგულავა: “მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება”

1 მარტი, 2011 • • 1162
გიგი უგულავა: “მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება”

მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ კონკურსი 2010 წლის ბოლოს გამოაცხადა. საკონკურსო კომისიისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ოთხმა კომპანიამ: “თბილქარმა”, “თბილ ლაინმა”, “ფაბლიქ ქარმა” და “კაპიტალ გრუფმა” გაიმარჯვა.
თბილისის მერიის ცნობით, 28 თებერვალს თბილისის მერიისა და კონკურსში  გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა  ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას,  რომლის მიხედვითაც, კომპანიებს  სამგზავრო გადაყვანის  ნებართვა გადაეცათ.
ხელშეკრულების თანახმად, გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ ყველა ის მძღოლი დაასაქმონ, რომელიც წლების განმავლობაში ამ სფეროში მუშაობდა, ასევე 2011 წლის ბოლომდე ქალაქში ახალი, „ფორდ ტრანზიტის“  ყვითელი ფერის სამარშრუტო მიკრო-ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან გადახდის ერთიანი საბარათე სისტემით. აღნიშნული მიკრო-ავტობუსებით მგზავრობისას, თბილისის მერიის ცნობით, სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ, მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და  ახალი მიკრო–ავტობუსები, მათი მძღოლები და მგზავრები ჯანმრთელობის დაზღვევით  ისარგებლებენ.

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, დღეს ბაზარზე არსებული სამარშრუტო ტაქსების 90% ძველი და მგზავრების გადასაყვანად სახიფათოა. მისი თქმით, ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის შედეგად მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება-„სოციალურად დაუცველებს შესაძლებლობა ექნებათ, იმ შეღავათებით ისარგებლონ, რა შეღავათითაც ავტობუსსა და მეტროპოლიტენში სარგებლობენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევისას მგზავრი, რომელიც ახალ სამარშრუტო ტაქსში იჯდება და მძღოლიც, დაზღვეულნი იქნებიან. მათი სამედიციონო მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია დაფარავს. ავტოპარკის სრულად განახლების შემდეგ დაახლოებით 1200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.“-განაცხადა თბილისის მერმა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი