ეკონომიკა

მრავალპროფილიანი სამაშველო სამსახური მაღალმთიან კურორტებზე

28 თებერვალი, 2011 • • 993
მრავალპროფილიანი სამაშველო სამსახური  მაღალმთიან კურორტებზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მაღალმთიანი კურორტებისთვის სამაშველო სამსახური იქმნება. ვერა ქობალია ფრანგული სამაშველო ორგანიზაციის, “სამოქალაქო უსაფრთხოება საზღვრებს გარეშე” პრეზიდენტს, ბერნარ ჟანას შეხვდა. ქართულ მხარეს სამაშველო სამსახურის შექმნაში დახმარებას საფრანგეთი გაუწევს, ვინაიდან მას, სამინისტროს ინფორმაციით, ამ კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად აპრობირებული სისტემა აქვს. მრავალპროფილიანი სამაშველო სამსახური მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში, ასევე, სხვა მაღალმთიან კურორტებზე იმუშავებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

ბერნარ ჟანას ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში სხვადასხვა სპეციალობის დაახლოებით 100 ადამიანი იმუშავებს, რაც საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და კარგად ორგანიზებული სამაშველო სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოში კარგად გამართული სამაშველო სისტემის არსებობა აუცილებელია, რომელიც მაღალმთიან კურორტებზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.

მინისტრის ინფორმაციით, ფრანგული სამაშველო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში 2 კვირაში კვლავ ჩამოვლენ, ისინი მესტიის მოსახლეობას შეხვდებიან და სამაშველო სამსახურისთვის შესაფერის კანდიდატურებს შეარჩევენ. შემდეგ ეტაპზე გუდაურში სასწავლო პროგრამის პირველი ეტაპის ჩატარება იგეგმება. ამასთან, ვერა ქობალიას თქმით, უახლოეს პერიოდში ბიზნეს-გეგმა შემუშავდება, რაც საქართველოში უკვე რამდენიმე თვის შემდეგ საერთაშორისო სტანდარტების სამაშველო სამსახურის ამოქმედებას უზრუნლველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი