ეკონომიკა

სინგაპურში საქართველოთი დაინტერესდნენ

28 თებერვალი, 2011 • • 2390
სინგაპურში საქართველოთი დაინტერესდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას საქართველოს დელეგაცია სინგაპურში იმყოფებოდა. მათი მთავარი მიზანი სინგაპურის ეკონომიკური რეფორმების შესწავლა იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას თქმით, სინგაპურში არაერთი განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები, რათა სინგაპურის რეფორმები ადგილზე შეესწავლათ. მისი განცხადებით, სინგაპურსა და საქართველოს ბევრი აქვთ საერთო, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება სინგაპურიზაციაზე ხშირად საუბრობს.

მსოფლიოს ყველა ეკონომიკურ რეიტინგში სინგაპური, ტრადიციულად, სამეულში შედის. აღნიშნულ ქვეყანაში ყველაზე ადვილია ბიზნეს-საქმიანობა, დაბალია გადასახადები და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატია.

სამინისტროს ცნობით, აზიის ეს “ვეფხვი”, რომელიც მხოლოდ 707 კვადრატულ კილომეტრზე მდებარეობს და სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს,   ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. გასული საუკუნის 60-ან წლებში, როდესაც სინგაპურმა ეკონომიკური განვითარების ლიბერალური მიმართულება აირჩია, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 500 ამერიკული დოლარი იყო, თითქმის 5-ჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს საქართველოშია, დღეს კი ეს მაჩვენებელი 50 ათას დოლარამდეა და ამ მხრივ, ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ლიდერებს შორისაა მსოფლიოში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, რომ სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრია, სადაც განვითარებულია ელექტრონაწარმის წარმოება, ქალაქში მოქმედებს ყველა მსხვილი უცხოური ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლობა. ქვეყნის ბიუჯეტისათვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს ტურიზმს – სახელმწიფო 5-მილიონიანი მოსახლეობით 2010 წელს 12 მილიონმა ადამიანმა ნახა. მნიშვნელოვანი შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტში სავაჭრო პორტს შემოაქვს, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ნავსადგურთა ოთხეულში შედის და ლიდერია ტვირთნაკადის მოცულობის მიხედვით.

სინგაპურის მთავრობამ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად  ფინანსური განვითარების ინსტიტუტი ჩამოაყალიბა- სინგაპურის განვითარების ბანკი „დიბიესი“, რომელიც კერძო მსხვილი საინვესტიციო დაწესებულებაა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სინგაპურის ეკონომიკა ტრანსფორმაციას განიცდის. ვითარდება ეკონომიკის ახალი მიმართულებები, რომლებმაც სამომავლოდ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა შეინარჩუნონ. „ჯურონგ ინტერნეიშენალი“ სინგაპურის ინდუსტრიალიზაციის სინონიმია. „სინგაპურ ეარლაინზ“, „სინგაპურ ფოუერ“, – ეს არის მცირე ჩამონათვალი კომპანიებისა, სადაც წილს ფლობს „ტემასეკ ჰოლდინგი“, კომერციული ინსტიტუტი, რომელიც განკარგავს სინგაპურის სახელმწიფოს აქტივებს სხვადასხვა კომპანიებში. ბოლო მონაცემებით, ტემასეკი განკარგავს 130 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტ აქტივებს მსოფლიოში.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, სინგაპურის ეკონიმიკური წარმატება არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი, ის ორიენტირებულია დასაქმებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.

სინგაპურში საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ ინტერესი გამოიხატა. ასეთ კომპანიათა შორისაა შპს “საქართველოს რკინიგზა“, რომლის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ სინგაპურელ ინვესტორებს აღნიშნულ კომპანიის საინვესტიციო პროექტები გააცნო.

მისი განცხადებით, სინგაპურის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების გაყიდვის პერსპექტივამ მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოიწვია. ირაკლი ეზუგბაიას თქმით, სინგაპურში დაწყებული საქმიანი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უკვე საქართველოში სინგაპურელი პოტენციური ინვესტორების ვიზიტით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი