ეკონომიკა

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა

28 თებერვალი, 2011 • • 1067
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  2011 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 215.2 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით გაიზარდა და 10779.4  მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1801.3 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.7 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.7 პროცენტი შეადგინა.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. იანვრის მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 77.8 პროცენტი შეადგინა.

საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობა, იანვრის თვის შედეგებით, 1.4 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაპიტალის რენტაბელობა – 8.2 პროცენტს (ნაცვლად  -0.4 და -2.2 პროცენტისა შესაბამისად, გასული წლის იანვრის მიხედვით).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე, გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი თებერვლისათვის 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 76.8 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის 1 იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 120.5 მლნ ლარით, ანუ 5.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 39.5 მლნ ლარით, ანუ 1.4 პროცენტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 70.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 19.7 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი