ეკონომიკა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 81.6 მლნ ლარით გაიზარდა

28 თებერვალი, 2011 • • 1118
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 81.6 მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით, 2011 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით, ანუ 81.6 მლნ ლარით გაიზარდა და 2011 წლის 1 თებერვლისათვის 6.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით, ანუ 7.9 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 1.9 პროცენტით, ანუ 89.5 მლნ ლარით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 614.4 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით, ანუ 17.6 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.0 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.3 პროცენტით, ანუ 40.2 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.3 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2010 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით, ანუ 2.6 მლნ ლარით შემცირდა და 1.9 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა, იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში, 22.0 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი თებერვლისათვის 801.0 მლნ ლარით განისაზღვრა (3.2 პროცენტით, ანუ 24.8 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 382.5 მლნ ლარია (0.5 პროცენტით, ანუ 2.0 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის იანვრის  თვის განმავლობაში რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა 1.5 პროცენტით, ანუ 35.9 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის  2.4 მლრდ ლარს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი