ეკონომიკა

რუსეთში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 40.1%-ით მოიმატა

25 თებერვალი, 2011 • • 1171
რუსეთში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 40.1%-ით მოიმატა

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2010 წელს ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 114,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის მაჩვენებელზე 40,1%-ით მეტია. ამასთანავე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის მონაცემებით, 2009 წელთან შედარებით, 13,2%-ით დაეცა 13,8 მილიარდ დოლარამდე. რუსეთიდან საზღვარგარეთ ჯამში 96,2 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია გაიგზავნა, რაც 16,1%-ით მეტია 2009 წლის მაჩვენებელზე.

ძირითადი ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის შიდა ეკონომიკაში მოახდინეს ინვესტირება, იყვნენ: კვიპროსი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, იაპონია და ვირჯინიის კუნძულები. ჯამში, უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში აღნიშნული ქვეყნების წილმა 84,4% შეადგინა. უცხოური ინვესტიციების უდიდესი ოდენობა დამამუშავებელ მრეწველობაზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და უძრავი ქონების ოპერაციებზე მიდის.

2010 წლის ბოლოს ალფა-ბანკის პრეზიდენტმა, პიოტრ ავენმა The Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საინვესტიციო გარემო უარესდებოდა. მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელი ბიუჯეტი საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდის ბიუჯეტს ძალიან ჰგავდა.

თებერვლის დასაწყისში პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი ხელსაყრელი არ იყო, მთავრობას უბრძანა, შეექმნა სპეციალური ფონდი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ფონდის მართვას კი პროფესიონალი მენეჯერები ჩაუდგებოდნენ სათავეში. ამჟამად უცნობია, თუ ეკონომიკის რომელი სეგმენტების დაფინანსებისკენ იქნება ფონდი მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი