ეკონომიკა

„ქრისტიან-დემოკრატები“ ტენდერის გაუქმებას ითხოვენ

25 თებერვალი, 2011 • • 1176
„ქრისტიან-დემოკრატები“ ტენდერის გაუქმებას ითხოვენ

25 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტიან-დემოკრატმა ჯაბა სამუშიამ სამარშრუტო ტაქსების ტენდერთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, “ქრისტიან-დემოკრატები” ხელისუფლებას იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ  4 თვით ადრე აფრთხილებდნენ, რომელიც შესაძლოა ამ სფეროში უხეში ჩარევის შედეგად შეიქმნას.

ტენდერის გამოცხადების შემდეგ სატენდერო კომისია დაკომპლექტდა, აღნიშნულ კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. ჯაბა სამუშიას განცხადებით, მათ რამდენიმე წინადადება წარუდგინეს კომისიას, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
“ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ 6 თვის ვადა მიგვეცა იმ ფირმებისთვის, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ. პირველივე სხდომაზე “ქრისტიან-დემოკრატებმა’’ დავაყენეთ წინადადება, რომ გარკვეული უპირატესობა იმ ფირმებისათვის მიეცათ, რომლებიც ქალაქში რეალურ ავტოპარკს ფლობდნენ“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

“ქრისტიან-დემოკრატები” საკრებულოს  სხდომაზე ტენდერის გაუქმებას  და ახალი სატენდერო პირობების შემუშავებისას მთავარი პრიორიტეტის ავტოპარკების მფლობელებს მინიჭებას ითხოვენ.

მისივე განცხადებით, სატრანსპორტო ბაზარზე შემოსული 4 გამარჯვებული ფირმა რეალურად ერთი და იმავე ადამიანის მიერაა დაფუძნებული. საკრებულოს წევრის განცხადებით, მათ სამარშრუტო ხაზის მძღოლების ხელმოწერილი განცხადებაც აქვთ, რომელშიც მითითებულია, რომ მძღოლებს გამარჯვებულმა ფირმამ 25 ლარის ოდენობის გადასახადი დაუწესა.

ჯაბა სამუშიას თქმით, „ქრისტიან-დემოკრატებმა” ამ 4 ფირმის ტენდერში გამარჯვებას მხარი ერთი მარტივი მიზეზის გამო არ დაუჭირეს. „ჩვენს შეკითხვაზე, თუ საიდან უნდა მოეხდინათ მათ 110-120 მილიონი ლარის ინვესტირება, გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია კონფედენციალურია და შესაბამისად ფირმის საიდუმლოა”-განაცხადა მან.

დღესვე სამარშრუტო ტაქსების თემას  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების’’ მთავარი პრინციპი იყო, არ მომხდარიყო ამ ბიზნესის მონოპოლიზაცია, არ გაძვირებულიყო ტარიფი და არ შექმნოდათ პრობლემა ამ საქმით დაკავებულ ადამიანებს.

“აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ სატენდერო კომისიის შედეგები სრული გამჭვირვალობითა და საჯაროობით გადაისინჯოს. ამიტომ ჩვენ თბილისის მთავრობასთან მუშაობას გავაგრძელებთ, შეხვედრები გვექნება როგორც სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელობასთან, ასევე მერის მოადგილეთან და  იმედი მაქვს, პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გზებს გამოვნახავთ”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი