ეკონომიკა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადასვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღარ იგეგმება

25 თებერვალი, 2011 • • 978
დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადასვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღარ იგეგმება

25 თებერვალს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გარემოს დავცის სამინისტროს რეორგანიზების საკითხებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარე ზურამ მელიქიშვილი დაინტერესდა, თუ რა ფინანსური შედეგები მოჰყვება დაცული ტერიტორიების გადასვლას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის თქმით, ფინანსურ პრობლემებს ადგილი არ ექნება, რადგან თითოეულ დაცულ ტერიტორიას საკუთარი  გრძელვადიანი გეგმა  აქვს და მნიშვნელობა არა აქვს, გრანტების მიმღები რომელი სტრუქტურა იქნება. “მთავრობა არ აპირებს შეასუსტოს დაცული ტერიტორიების სტატუსი”, – განაცხადა ნინო ენუქიძემ. კომიტეტის წევრის, ელდარ კვერნაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაცული ტერიტორიების გადასვლით გრანტი სესხის სახეს მიიღებს.  

კომიტეტის წევრებს რეორგანიზაციის პროცესი აუცილებლობად მიაჩნიათ და რიგ საკითხებში ეთანხმებიან კანონპროექტით წარმოდგენილ პრინციპებს. დეპუტატ მიხეილ ცქიტიშვილის აზრით, აღნიშნული სტრუქტურის რეორგანიზაციით ფისკალური ეფექტი გაიზრდება, თუმცა იგი იმ თანამშრომლების ბედითაცაა დაინტერესებული, რომლებიც დღეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მუშაობენ. ნინო ელბაქიძის განცხადებით, უწყებათა შორის ფუნქციების გადანაწილებისას შტატების შემცირება არ მოხდება. “ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდგომ თანამშრომლები გადანაწილდებიან  შესაბამის უწყებებში ფუნქციების მიხედვით”, – განმარტა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

ნეტგაზეთმა აღნიშნული ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოში გადაამოწმა, თუმცა, როგორც აღნიშნულ უწყებაში განგვიცხადეს,  დაცული ტერიტორიების გადასვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღარ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი