ეკონომიკა

კახა კუკავა ტრანსპორტის სფეროში ჩატარებული ტენდერის გაუქმებას მოითხოვს

24 თებერვალი, 2011 • • 1091
კახა კუკავა ტრანსპორტის სფეროში ჩატარებული ტენდერის გაუქმებას მოითხოვს

დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “დედაქალაქის” წევრმა, კახა კუკავამ თბილისის ტრანსპორტის სფეროში არსებული კორუფციის შესახებ ისაუბრა. მისი  განცხადებით, მიკროავტობუსების კომპანიების გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულებს ახალი, მაღალი კლასის მანქანების შემოყვანა და სისტემაში რეფორმის გატარება ევალებოდათ.
,,ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული კომპანია მოკროავტობუსებთან ხელშეკრულების გაფორმებას, სამომხმარებლი ტარიფის ზრდასა და თითოეული სატრანსპორტო ერთეულიდან მათთვის 20-დან 40-მდე ლარის გადახდას ითხოვს”,-აღნიშნა კახა კუკავამ.

საკრებულოს წევრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული ტენდერის შედეგად რამდენიმე ათასობით თბილისელი უმუშევარი დარჩება, ხოლო ასი ათასობით მომხმარებელს კი მომსახურებაზე გაორმაგებული ტარიფის გადახდა მოუწევს. როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, ფრაქცია ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

„აუცილებელია, უცვლელი დარჩეს როგორც მათი გადასახადი, ასევე სამომხმარებლო ტარიფიც, ხოლო აღნიშნულ საქმეზე კი სისხლის სამართლის გამოძიება ჩატარდეს”,-აღნიშნა კახა კუკავამ.

კახა კუკავას ბრალდებებს უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, კოკი იონათამიშვილმა უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, კონკურსში კომისიის წევრის სტატუსით ოპოზიციის 2 წევრიც იღებდა მონაწილეობას და  ტენდერი საკმაოდ გამჭვირვალედ ჩატარდა, მასში ყველა ის ორგანიზაცია იყო ჩართული, რომელსაც აღნიშნული  თემა უშუალოდ ეხებოდა.

კოკი იონათამიშვილმა განსაკუთრებით ხაზგასმით მძღოლების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკონკურსო პირობების თანახმად, მათი ინტერესები  მაქსიმალურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ისინი  ახალი მფლობელის პირობებშიც აუცილებლად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,  რომ კონკურსში გამარჯვებულები თავიანთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას დაკარგავენ, რაც ბუნებრივია, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ისინი არ დაარღვევენ პირობას“.  

იონათამიშვილმა დამატებითი გადასახადების არსებობაც არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში  ყველა კომპანია 150 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს.  

უმრავლესობის წევრმა ტარიფების დაწესების სფერო არარეგულირებად სფეროდ შეაფასა და განაცხადა, რომ სამარშუტო ტაქსები თავის ფასს თვითონ განსაზღვრავენ, თუმცა, ამ სფეროში არსებული კონკურენციის გამო,  გაძვირება მათთვის ხელსაყრელი არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი