საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 584 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელზე 52 პროცენტით მეტია, აქედან ექსპორტის რაოდენობა 148 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 39 პროცენტით მეტია 2010 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება იმპორტს, ის 436 მილიონ დოლარს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარში 288 მილიონი დოლარი შეადინა.
საქსტატის ცნობით, 2011 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 155 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტის წილი 31 მილიონი დოლარი იყო, ეს კი წინა წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან შედარებით 31 პროცენტით მეტია. რაც შეეხება იმპორტს, მან 155 მილიონი დოლარიდან 123 მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც 72 პროცენტით მეტია 2010 წლის იანვრის მაჩვენებელზე. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო იტყობინება, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.
2011 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ი ქვეყნებთან 187 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 53 მილიონი დოლარი ექსპორტზე დაფიქსირდა, ხოლო იმპორტზე 134 მილიონი. საქსტატის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტი 28 პროცენტი იყო, ხოლო წინა წლის იანვრის მაჩვენებელი 27 პროცენტს შეადგენდა.
როგორც საქსტატი იტყობინება, 2011 წლის იანვარში საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა 65 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა 96 მილიონი დოლარით, მას 60 მილიონი დოლარით უკრაინა მოყვება, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანი 51 მილიონით.
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგუფებიდან პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავეს, რაც მთელი ექსპორტის 18 პროცენტია. მსუბუქი ავტომობილების შემდეგ ფეროშენადნობის ექსპორტია, რომელიც 15 მილიონ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი იმყოფება და ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 14 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2011 წლის იანვარში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნაბთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტში 45 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რამაც მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე 33 მილიონი დოლარით ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი იმყოფება. მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფის იმპორტია 25 მილიონი დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 6 პროცენტი შეადგინა.