ეკონომიკა

128 მილიონამდე ლარი კომერციულ ბანკებს

24 თებერვალი, 2011 • • 836
128 მილიონამდე ლარი კომერციულ ბანკებს

დღეს ეროვნული ბანკის 8-დღიან N8 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 127 800 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ცხრა კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.30%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.11%–ით განისაზღვრა.

ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები, როგორც მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი,  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა. ეს საჭიროება დაკავშირებული იყო საბანკო სისტემაში ჭარბი მოკლევადიანი ლიკვიდობის მდგომარეობიდან ლიკვიდობის დეფიციტის მდგომარეობაზე  გადასვლასთან. 

რეფინანსირების სესხები ბანკებზე გაიცემა აუქციონის წესით. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. 

რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად მას აქვს საშუალება, რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს.

უკვე 2010 წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ახალი ინსტრუმენტი –გარანტირებული რეფინანსირების სესხი. აღნიშნული ინსტრუმენტით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთი მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხზე განისაზღვრება, როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს ერთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი