ეკონომიკა

ლიბიაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება

24 თებერვალი, 2011 • • 1258
ლიბიაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება

ნავთობის ღირებულება ხუთშაბათის ვაჭრობის შედეგად უკანასკნელი 30 თვის განმავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს ინარჩუნებს ლიბიაში, კონფლიქტის ესკალაციისა და აღნიშნული რეგიონიდან „შავი ოქროს“ მიწოდების შემცირების ფონზე.

მარტის ფიუჩერსების ფასი ამერიკულ მსუბუქ ნავთობზე, მარკით WTI (Light Sweet Crude Oil), ნიუ-იორკის ელექტრონული ვაჭრობის შედეგად 0,41 დოლარით (0,42% -ით) გაიზარდა და ბარელზე 98,51 დოლარი შეადგინა. ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე, მარკით Brent-ი, ფასი 1,26 დოლარით (1,13%-ით)  გაიზარდა და ბარელზე 112,51 დოლარი შეადგინა.

ლიბიაში, რომელსაც აფრიკის კონტინენტზე ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს, 15 თებერვლიდან მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება მუამარ კადაფის რეჟიმის წინაააღმდეგ, რომელიც ქვეყანას 42 წელია მართავს. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, არეულობების შედეგად დაიღუპა 600, ხოლო დაიჭრა 4 ათასამდე ადამიანი.

როგორც Bloomberg-ის სააგენტოს სიდნეის Commodity Broking Services-ის მენეჯერმა, ჯონათან ბარატმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ამბები, ცხადია, ხელს უწყობს ნავთობის ფასის ზრდას, ინვესტორები შიშობენ, რომ არეულობა მეზობელ საუდის არაბეთშიც შესაძლოა, რომ გავრცელდეს.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ლიბიიდან ნავთობის მიწოდების შემცირების გამო (500 ათასი ბარელი დღეში), მომავალში ნავთობზე ფასების ზრდის რისკი საკმაოდ მაღალია. ინვესტორები კი OPEC-ს საგანგებო სხდომის მოწვევას ელოდებიან, სადაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხები იქნება განხილული.

როგორც სააგენტო Bloomberg-ს, Deutsche Bank-ის სინგაპურის ფილიალის მმართველმა, სუზანა ცოიმ განუცხადა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნავთობზე ფასები უფრო მეტად არ გაზრდილა, არის ის, რომ OPEC-ს მისი მარაგი საკმარისად აქვს.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, აშშ-ში, ნავთობის მარაგი, გასულ კვირას, 163 ათასი ბარელით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი