ეკონომიკა

სახელმწიფომ კიდევ 15 მილიონი ისესხა

24 თებერვალი, 2011 • • 933
სახელმწიფომ კიდევ 15 მილიონი ისესხა

2011 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ათმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 46 750 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.950%–ით,  მაქსიმალური 11.710%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.310%–ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.

ამასთან, ნებისმიერი ტიპის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (მათ შორის სახაზინო ობლიგაციები) ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყიდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში. ფასიანი ქაღალდების მფლობელი შეიძლება გახდნენ როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რეზიდენტები და არარეზიდენტები. ფასიანი ქაღალდების შეძენა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ  და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მეშვეობით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი