ეკონომიკა

უკრაინა მარცვლეულს სახელმწიფო რეზერვიდან მიიღებს

24 თებერვალი, 2011 • • 1155
უკრაინა მარცვლეულს სახელმწიფო რეზერვიდან მიიღებს

უკრაინის მთავრობას განზრახული აქვს სახელმწიფო რეზერვიდან მარცვლეულის ნაწილის გამოყოფა პურის წარმოებისათვის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა-იუწყება РИА Новости. მისი თქმით, შესაბამისი ინსტრუქციები მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო.

უკრაინის ადგილობრივ პრესაში თებერვლის დასაწყისიდან გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში პურის ფასები იზრდება, ხოლო ფქვილი კი დახლებიდან თანდათან ქრება. ამავე დროს, მთავრობაში განაცხადეს, რომ ფქვილის დეფიციტის მიზეზი არ არსებობდა. 

აზაროვის სიტყვებით, მარცვლეულის რეალიზაციის შეთავაზებული მექანიზმი შეუძლებელს გახდის მის გადაყიდვას და პურის ბიზნესს  შეღავათიანი ფასის ფქვილით უზრუნველყოფს. ამან კი, მისი თქმით, სამომხმარებლო ბაზარზე სიტუაცია უნდა გამოასწოროს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინაში 20 დღის განმავლობაში პურისა და მარცვლეულის საშუალო ფასები დაახლოებით 0.3 %-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემოდგომაზე უკრაინამ ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. ქვეყანაში მარცვლეულის ექსპორტზე კვოტები 2011 წლის 31 მარტამდე იმოქმედებს და მათი საერთო მოცულობა 4.2 მილიონი ტონაა.

რუსეთის ხელისუფლებამ 2010 წლის ზაფხულის გვალვების შემდეგ ასევე გადაწყვიტა, სახელმწიფო რეზერვებიდან მარცვლეული გაეყიდა. აღნიშნული გვალვის შედეგად ქვეყანაში მარცვლეულის მოსავალი მესამედით შემცირდა.  გარდა საბირჟო ვაჭრობის მექანიზმისა, გადაწყვეტილი იყო დამატებით 2 მილიონი ტონა მარცვლეულის გამოყოფა იმ რეგიონებისათვის, რომლებიც გვალვისგან დაზარალდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი