მაშველებმა ახალ ზელანდიაში, ქრაისტჩარჩში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 24 საათის შემდეგ ნანგრევებდან ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს. დაღუპულების რაოდენობამ 75-ს მიაღწია, ხოლო მრავალი ადამიანი კი ისევ დანგრეულ შენობებშია დარჩენილი.
ქალაქის მერის, ბობ პარკერის თქმით, 300 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო პრემიერ-მინისტრის, ჯონ ქეის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
სამშაბათს 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 5 თვის განმავლობაში მეორე იყო, რომელმაც ისტორიული ქალაქი დააზარალა. ახალ ზელანდიაში მომხდარი კატასტროფა 80 წლის მანძილზე ყველაზე სასიკვდილო სტიქიად შეფასდა. რაც შეეხება ზიანს, იგი 12 მილირდ დოლარს აღწევს.
მიწისძვრით გამოწვეული მასობრივი ეკონომიკური ზიანის შეფასება უკვე იწყება. J.P. Morgan-მა, კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით, უკვე შეაფასა კატასტროფის შედეგად წარმოშობილი ზარალი, იგი, როგორც უკვე აღინიშნა, 12 მილიარდი დოლარია.
ჟურნალისტების მიერ მიწისძვრისგან გამოწვეულ ხარჯებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, პრემიერ-მინისტრმა ჯონ ქეიმ განაცხადა, რომ „არავინაა ისეთ მდგომარეობაში, ვისაც ამ ყველაფრის რეალურად შეფასება შეეძლება“. ჯონ ქეი კვლავ იმედოვნებს, რომ ქრაისტჩარჩს შეეძლება ამ წელიწადში რაგბის მსოფლიო თასის მატჩს უმასპინძლოს, როგორც დაგეგმილი იყო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა შეძლებდა ქრაისტჩარჩის აღდგენას, მაგრამ ხელახლა დაზღვევის რისკი, სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება.
მიწისძვრის შედეგად ქალაქის ცენტრში გზები აიყარა, შენობები დაინგრა, წყლის დაზიანებული მილებიდან და საკანალიზაციო არხებიდან წყალმა ამოჩქეფა დაიწყო.
კატასტროფის მოდელირების ცენტრის განცხადებით, სადაზღვევო ინდუსტრიას აღნიშნული მიწისძვრის შედეგად საშუალოდ 3.5-დან 8 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე ზიანი მიადგა. გადაზღვევის კომპანიებს, რომლებიც მზღვეველებს დიდი დანაკარგების ანაზღაურებაში ეხმარებიან, სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რამოდენიმე კვირა დასჭირდათ, რათა ზარალი აენაზღაურებინათ.
ეს ახალ ზელანდიაში მომხდარი ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტროფაა 1931 წლის ჩრდილოეთის კუნძულის ქალაქ ნაპიერში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელის დროსაც 256 ადამიანი დაიღუპა.
უბედურება იმანაც გაამწვავა, რომ ცენტრალური ბანკი მიწისძვრის წინა პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აპირებდა, რათა ეროვნული პოლიტიკის მიმართ ხალხის ნდობა აღედგინა, თუმცა აღნიშნული მიწისძვრის კომენტირებისას ბანკმა საერთოდ არ ახსენა მონეტარული პოლიტიკა.
აღიქვა რა მიწისძვრა, როგორც დიდი დარტყმა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, Standard Chartered-ის ბანკმა ახალი ზელანდიის მშპ-ს მომავალი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.0 და 3.0%-დან 1.4 და 2.7%-მდე შეამცირა.
სექტემბერში მომხდარი მიწისძვრისგან გამოწვეულმა ზარალმა 3.7 მილიარდი დოლარი შეადგინა ( 1 ამერიკული დოლარი 1.339 ახალ ზელანდიურ დოლარს უდრის).