ეკონომიკა

დიდ ბრიტანეთში უმუშევარი ახალგაზრდების რაოდენობა რეკორდულად მაღალია

16 თებერვალი, 2011 • • 1984
დიდ ბრიტანეთში უმუშევარი ახალგაზრდების რაოდენობა რეკორდულად მაღალია

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სამსახურის მაძიებელთა რაოდენობამ 1.46 მილიონს მიაღწია. აღნიშნულ სტატისტიკაში უმუშევარ ქალთა მზარდი რაოდენობაც აღინიშნება.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომლებიც უმუშევართა ყოველკვირეულ დახმარებას იღებდნენ, 12 თვის განმავლობაში დაეცა, რაც შეეხება ამავე დახმარების მიმღებ ქალთა სტატისტიკურ მაჩვენებელს,  მეშვიდე თვეა, მათი რიცხვი თანმიმდევრულად იზრდება და 15– წლიან მაქსიმუმსაც კი მიაღწია. უფრო კონკრეტულად, იანვრის თვეში  450.000 ქალი და დაახლოებით 1 მილიონი მამაკაცი იღებდა უმუშევართათვის განკუთვნილ დახმარებას.

ბოლო სამი თვის განმავლობაში (დეკემბრამდე) დიდ ბრიტანეთში უმუშევართა რაოდენობა 2.49 მილიონამდე გაიზარდა, უმუშევრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა კი 7.9 %-ს მიაღწია.

რაც შეეხება უმუშევარ ახალგაზრდებს 16-დან 24 წლამდე, მათმა რაოდენობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის კოეფიციენტის გამოთვლა  დაიწყეს 1992 წელს. უფრო კონკრეტულად, სამსახურის გარეშე 965.000 ახალგაზრდაა დარჩენილი.

იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ნახევარი განაკვეთით მუშაობენ, რადგან სრული განაკვეთის სამუშაო ვერ იშოვეს, აგრეთვე რეკორდულ მაჩვენებელს, 1.19 მილიონს მიაღწია.

დიდ ბრიტანეთში, საჯარო სექტორეში მომუშავეთა რაოდენობა 33.000-ით შემცირდა ოქტომბერსა და დეკემბერს შორის, ხოლო კერძო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა არ შეცვლილა. სამაგიეროდ, საშუალო ჰონორარი 1.8 %-ით გაიზარდა წლის განმავლობაში და კვირაში 456 ევროს მიაღწია.

ბრიტანეთის სავაჭრო პალატის ეკონომისტის, დევიდ კერნის განცხადებით, „ციფრები ადასტურებს, რომ ეკონომიკა უკვე თვეებია, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, გაერთიანებულ სამეფოში უმუშევრობა მომავალ წელს კიდევ 100.000-ით გაიზრდება და 2.6 მილიონს მიაღწევს.“

Image 3290
Image 3290

მასალების გადაბეჭდვის წესი