ეკონომიკა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საჯარო რეესტრში სტაჟირებას გაივლიან

16 თებერვალი, 2011 •
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საჯარო რეესტრში სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში გეოდეზიის, კარტოგრაფიის, ტოპოგრაფიის, მიწის კადასტრისა და ამ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან, რომელიც 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება.

სამინისტრო იუწყება, რომ სტაჟირება სტუდენტებს დაეხმარება, როგორც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გაანალიზებაში, ისე კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

მემორანდუმის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების  პროგრესულ საკადრო რესურსს  მოიზიდავს და სამინისტროს ცნობით, მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაასაქმებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი