ეკონომიკა

პირველი ამერიკული იურიდიული ფირმა საქართველოში

16 თებერვალი, 2011 • • 1582
პირველი ამერიკული იურიდიული ფირმა საქართველოში

HBSS
HBSS

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია HBSS და ერისთავის იურიდიული ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო იურიდიული მომსახურებისა და ბიზნესის დაგეგმარების შესახებ ერთობლივ სერვისს შესთავაზებენ.

ბიზნესის დაგეგმვის, მართვის და პროექტების განხორციელების გარდა, ერისთავის იურიდიული ჯგუფი, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ინვესტორებს საქართველოში პარტნიორების შერჩევასა და მათთან ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

ერისთავის იურიდიული ჯგუფის და HBSS-ის კიდევ ერთი სიახლე საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟის დაარსებაა. არბიტრაჟი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საქართველოში იმავე დონის მომსახურება მიიღონ, როგორსაც მათ ინგლისის, საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების არბიტრაჟი სთავაზობს.

ერისთავის იურიდიულ ჯგუფსა და HBSS-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ატლანტაში გაფორმდა, მისი პრეზენტაცია კი სასტუმრო “რედისონში” 15 თებერვალს გაიმართა.

Hall Booth Smith & Slover, P.C. (HBSS)  21 წელია, ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს და იურიდიულ მომსახურებას ეწევა.

აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია  თბილისში მისი ოფისის გახსნის შესახებ. იქვე ნათქვამია, რომ HBSS, რომლის სათაო ოფისიც ატლანტაშია, იქნება პირველი ამერიკული იურიდიული ფირმა საქართველოში.

ფირმის წარმომადგენლების განცხადებით, HBSS საქართველოში  საერთაშორისო დაფინანსების, საერთაშორისო არბიტრაჟის, ჯანდაცვის სამართლებრივი საკითხების რეგულირებისა და კორპორატიული საკითხების მიმართულებით იმუშავებს. თბილისის ოფისის მმართველი ადვოკატი მეთიუ ალენი იქნება. HBSS-ის ცნობით, ალენს  ქართულ კომპანიებთან მუშაობის ფართო გამოცდილება აქვს საერთაშორისო დაფინანსებასა და კორპორატიულ საკითხებში.

აღნიშნული ფირმა საქართველოს ჯანდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, აგრეთვე,  უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებთანაც  თანამშრომლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი