ეკონომიკა

„ნოკიას“ აქციები დაეცა

16 თებერვალი, 2011 • • 1519
„ნოკიას“ აქციები დაეცა

მობილური ტელეფონების  მწარმოებელი უმსხვილესი ფინური კომპანია Nokia-ს აქციები 12– წლიან მინიმუმადე დაეცა.როგორც Agence France-Presse იუწყება, ჰელსინკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 6.55 ევრო შეადგინა, ხოლო მთლიანი კაპიტალი 24.3 მილიარდი ევროთი განისაზღვრა.

კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულების ვარდნა  მას შემდეგ დაიწყო, რაც წინა კვირაში Nokia-მ სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმა კორპორაცია Microsoft-თან. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა 14%-ით დაიწია, ხოლო კვირის ბოლოსათვის მისი  კაპიტალი 20%-ით უფრო დაბალი იყო, ვიდრე თებერვლის დასაწყისში.

Nokia-სა და Microsoft-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიებმა  ახალი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა უნდა შეიმუშავონ, რომელიც ისეთ მეტოქეებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა: Apple-ისა   და Google-ის სმარტფონები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანია  Nokia-ს მობილური ტელეფონების პროცენტულმა რაოდენობამ მსოფლიო ბაზარზე 40%-დან 32%-ამდე იკლო. მხოლოდ ფინეთში  დაახლოებით 20 000-მდე კადრია დასაქმებული კომპანიაში, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 132 000, თუმცა სავარაუდოა, რომ Microsoft-თან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად მომსახურე პერსონალის რაოდენობაც შემცირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი