რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი პარტნიორი ძიუდოს საწვრთნელ ბრძოლაში და მისი ძმა რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში აღმოჩნდნენ, რომელიც ჟურნალმა “Финанс”-მა გამოაქვეყნა. აღნიშნულმა ფაქტმა დასავლური პრესის ყურადღება მიიპყრო, რომელიც ნუსხაში პუტინის მეგობრების პოზიციების ცვლილებას აკვირდება.
59 წლის არკადი როტენბერგი, რომელიც ახალგაზრდობაში პუტინთან ერთად ძიუდოთი იყო დაკავებული, აღნიშნულ სიაში 17 პოზიციით დაწინაურდა და საკუთარი 1.75 მილიარდი დოლარის ოდენობის პირადი ანგარიშით რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 63-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგის მონაცემებს ანალიზი სააგენტო Reuters-მა გაუკეთა.
როტენბერგი სპორტულ კლუბს, სახელწოდებით “იავარა-ნევას”-ს ხელმძღვანელობს, აღნიშნული კლუბის საპატიო პრეზიდენტი კი ვლადიმირ პუტინია. როტენბერგი, აგრეთვე, თანამფლობელია ბანკისა “ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტი” და აკონტროლებს ენერგოკომპანია “სტროიგაზმონტაჟს”, ასევე მთავარი კონტრაქტორია 12 მილიარდი დოლარის ოდენობის გაზსადენის – “ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის.
როტენბერგი სამშენებლო კომპანიის, “მოსტოტრესტის”-ის აქციონერადაც გვევლინება, რომელმაც გასულ წელს 388 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და სოჭის ოლიმპიადისგანაც მომხიბვლელი კონტრაქტი მიიღო.
მისი ძმა, ბორის როტენბერგიც რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაშია, თუმცა, 2009 წელს გაზეთ „ფინანსების“ რეიტინგში ძმები მხოლოდ 395-ე ადგილს იკავებდნენ.
სიის სათავეში ახალი სახეები არ არიან, მცირე ცვლილებები მხოლოდ მათ განლაგებაშია. ფოლადის მაგნატი ვლადიმირ ლისინი, НЛМК-ის (ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი) მფლობელი, მყარად იკავებს პირველ ადგილს 28.3 მილიარდი დოლარით. კიდევ სხვა მეტალურგი მიხაილ პროხოროვი 22.7 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს ალიშერ უსმანოვი იკავებს, იგი რეიტინგში საკუთარი კომპანიის, „მეტალოინვესტის“-ის თავდასხმითი ნაბიჯის გამო დაწინაურდა, ამას წარმატებებიც დაემატა ტელეკომუნიკაციის ბიზნესის სფეროში.
რაც შეეხება 59 წლის იური კოვალჩუკს, სწავლულს, რომელიც ბანკირი გახდა და ამავე დროს პუტინის აგარაკის მეზობელია, რეიტინგში 20 პოზიციით დაწინაურდა და 115-ე ადგილი დაიკავა. პუტინის კიდევ ერთი მეზობელი – ნიკოლაი შალამოვი, რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 184-ე ადგილზე იმყოფება.
ნავთობით მოვაჭრე გენადი ტიმჩენკო, რომელმაც არაერთხელ უარყო მედიის წინაშე ის ფაქტი, რომ პუტინის ახლო მეგობარია და ეს მეგობრობა გახდა ბიზნესში მისი დაწინაურების მიზეზი, 6 პოზიციით დაწინაურდა და რუსეთის მე-17-ე უმდიდრესი ადამიანი გახდა.
ტიმჩენკომ, რომელიც ნედლი ნავთობით ერთ-ერთი უმსხვილესი მოვაჭრეა მსოფლიოში, ბოლო პერიოდში გაზის სექტორში გადაინაცვლა და ახლა გაზის კერძო მწარმოებლის, “ნოვატეკის”-ის მეორე უმსხვილესი აქციონერია.
ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე ელენა ბატურინას სახელიც ფიგურირებდა, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლეა და რუსეთის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან კონფრონტაციის შედეგად სამსახური დაკარგა. იგი რეიტინგში 47 პოზიციით ჩამოქვეითდა და 94-ე ადგილი დაიკავა.
ავსტრიული Die Presse-ის აზრით, რაც უფრო ახლოსაა არჩევნები, მით უფრო მდიდრდებიან პუტინის მეგობრები. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა, რომელმაც პუტინის მეგობრები გამდიდრებაში დაადანაშაულა, სასამართლო წააგო.