ეკონომიკა

დიალოგი რეგიონალურ პოლიტიკაზე ევროკომისიასთან დაიწყო

15 თებერვალი, 2011 • • 1095
დიალოგი რეგიონალურ პოლიტიკაზე ევროკომისიასთან დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და ევროკომისიას შორის რეგიონულ პოლიტიკაზე დიალოგი დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  მინისტრმა  შეხვედრები გამართა ევროკომისართან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის მოქალაქეობის, მმართველობის, ინსტიტუციური და საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან (CIVEX), ლუკ ვან დენ ბრანდესთან.

იოჰანეს ჰანთან შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ევროკომისიას შორის რეგიონული თანამშრომლობის სფეროში ერთობლივი დეკლარაცია-მემორანდუმის გაფორმება გახლდათ, რომელიც ევროკომისიასა და საქართველოს შორის რეგიონულ პოლიტიკაზე დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს. გაფორმებული დეკლარაციის ფარგლებში, გაზაფხულზე საქართველოში სემინარის ჩატარება დაიგეგმა. აღნიშნულ სემინარში ევროპელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას ადილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც მიიღებენ. შემოდგომაზე კი ბრიუსელში საქართველოს რეგიონების საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო ვიზიტები გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, ლუკ ვან დენ ბრანდესთან შეხვედრის დროს მხარეებმა რეგიონული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ბუდაპეშტში აპრილში  დაგეგმილ კონფერენციაში, ქართული მხარის მონაწილეობაც დაიგეგმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი