ეკონომიკა

ქორწინების რეგისტრაცია 6 წელიწადში 73%-ით გაიზარდა

14 თებერვალი, 2011 • • 1499
ქორწინების რეგისტრაცია 6 წელიწადში 73%-ით გაიზარდა

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში 31 464 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.

ბოლო ექვსი წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების მსურველთა რიცხვი სტაბილურად იმატებს. 2005 წელს 18 141 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2006 წელს – 21 876-ის, 2007 წელს – 25 925-ის, 2008 წელს – 31 310-ის, 2009 წელს 31 319-ის, ხოლო გასულ წელს 31 464-მა წყვილმა მოაწერა ხელი. ბოლო  6 წელიწადში ქორწინების რეგისტრაცია 73%–ით  არის გაზრდილი.

2010 წელს ყველაზე მეტმა – 3982-მა წყვილმა დეკემბრის თვეში მოაწერა ხელი.  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ქორწინება თბილისის №1 ქორწინების სახლმა – ე.წ. კონკამ დაარეგისტრირა.

2010 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თბილისში, კონკასთან არსებულ №1 ქორწინების სახლში – 3378 წყვილმა, უზნაძის ქუჩაზე მდებარე №3 ქორწინების სახლში – 1796-მა, რუსთავის ქორწინების სახლში –  1114-მა, ქუთაისის ქორწინების სახლში – 1253-მა, სიღნაღის ქორწინების სახლში – 530-მა, ხოლო ბათუმის ქორწინების სახლში 360-მა წყვილმა მოაწერა ხელი.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე ხშირად 20-25 წლამდე ქალბატონები იგივე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებზე ქორწინდებიან, თითქმის იმავე ინტენსივობით 20-დან 25 წლამდე ქალბატონები მეუღლედ 25-დან 30 წლამდე მამაკაცს ირჩევენ და ხშირად 25-დან 30 წლამდე ქალბატონები იმავე ასაკის მამაკაცებზე ქორწინდებიან.

2010 წლის განმავლობაში გაიზარდა ქორწინების რაოდენობა იმ შემთხვევაშიც, როცა დაქორწინების მსურველებიდან ორივე უცხოელია. გასულ წელს საქართველოში 63-მა უცხოელმა წყვილმა მოაწერა ხელი.

უცხოელთა შორის პოპულარობით სარგებლობს თბილისის №1 ქორწინების სახლი – „კონკა“ (10 წყვილი) და სიღნაღის, ე.წ. სიყვარულის ქალაქის ქორწინების სახლი (9 წყვილი).

მასალების გადაბეჭდვის წესი