ეკონომიკა

რა სარგებლობა მოაქვთ ბანკებს?

14 თებერვალი, 2011 •
რა სარგებლობა მოაქვთ ბანკებს?

ვადიანი ანაბრების გახსნის შემთხვევაში, ბანკების მიერ შემოთავაზებული პირობები, ძირითადად, ერთნაირია, კერძოდ, ვადიანი ანაბრის გახსნა და წარმოება უფასოა, თუმცა, არსებითი განსხვავებაა ვადიანი ანაბრის გასახსნელად საჭირო თანხის მოცულობაში. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მომხმარებელთა უმეტესობა თვლის, რომ ბანკების მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთები თითქმის მსგავსია. მოდით, გადავხედოთ ბანკების მიერ შემოთავაზებულ პირობებს ვადიანი ანაბრის გახსნის შემთხვევაში.

“საქართველოს ბანკში” ანაბრის გახსნა უფასოდ ხდება, მომხმარებელი დღეების სიზუსტით ირჩევს მისთვის ხელსაყრელ ვადას, სარგებლის მისაღებად დღეების სიზუსტით ირჩევს მისთვის ხელსაყრელ დროს, “საქართველოს ბანკი” ანაბრით უზრუნველყოფილ სესხსაც გვთავაზობს იმავე პროცენტში, რა პროცენტშიც ანაბარია გახსნილი (იმ შემთხვევაში თუ სესხი არ აღემატება ანაბრის 25%–ს).

რაც შეეხება “საქართველოს ბანკის” ვადიანი ანაბრის პირობებს: საპროცენტო განაკვეთი, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში, ასეთია: ლარში გახსნილ 3-თვიან ანაბარზე – 9.50%, რაც შეეხება დოლარში, ევროსა და სტერლინგში გახსნილ ანაბარს, ამ შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი 6.00%-ს უდრის, 6-თვიან ანაბარზე ლარებში 10.50%-ია, დოლარზე, ევროსა და სტერლინგზე – 7%; 9-თვიანზე, შესაბამისად, 11.50% და 8.00%, 12 თვიანზე – 14.00% და 9%, 18 თვიანზე – 15.00% და 9.00%, ხოლო 24 თვიანზე – 16.00% და 9.00%.

“საქართველოს ბანკში” ვადიანი ანაბრის გასახსნელად საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 500 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/სტერლინგია;

რაც შეეხება “ბაზისბანკის” მიერ ვადიან ანაბრებზე შემოთავაზებულ პირობებს, ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება “ბაზისბანკში”, ისევე როგორც “საქართველოს ბანკში”, უფასოა, ანაბრის გასახსნელად მინიმალური თანხა 100 ლარი100 დოლარი100 ევროა, მეანაბრეს სარგებლის  გატანა შეუძლია ყოველი თვის ბოლოს ან ანაბრის ვადის დასრულების შემდგომ, აღსანიშნავია, რომ “ბაზისბანკში” ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია 2-დან 24 თვემდე, “საქართველოს ბანკში” – 3-დან 24 თვემდე. ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით, ანაბარზე თანხის დამატება არ შეიძლება; მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%;

“ბაზისბანკის” წლიურ საპროცენტო სარგებელს თუ გადავხედავთ, 2 თვის ვადით, ლარებში გახსნილ ანაბარს ერიცხება 8.75 % სარგებელი, აშშ დოლარში – 6.00%, ხოლო ევროში – 5.50%; 3-თვიან ანაბარს შესაბამისად – 9.00%, 6.25%, 5.75 %; 4 თვიანს – 9.25, 6.50, 6.00 %; 5-თვიანს – 9.50, 6.75, 6.25%; 6-თვიანს – 10.00, 7.00, 6.50%; 7-თვიანს – 10.50, 7.25, 6.75%; 8-თვიანს – 10.75, 7.50, 7.00%; 9-თვიანს – 11.00, 7.75, 7.25%; 10-თვიანს – 11.50, 8.00, 7.50%; 11-თვიანს – 11.75, 8.25, 7.75 %; 12-17 თვიანს – 12.00, 8.50, 8.00%; 18-23 თვიანს – 12.50, 8.75, 8.25%; ხოლო 24 თვიანს კი – 13.50, 9.50, 9.00%.

“პროკრედიტ ბანკის” ვადიან ანაბრებზე შემდეგი პირობები ვრცელდება: მინიმალური თანხა ან ვალუტა შეიძლება იყოს 200 ლარი, 100 აშშ დოლარი ან ევრო; ვადიანი ანაბრის მინიმალური ვადაა 3 თვე, მაქსიმალური კი 24 თვე, ვადიანი ანაბარი იხსნება ფიქსირებული თანხით და წინასწარ განსაზღვრული ვადით; თანხის შემცირება ან გაზრდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ხდება; ხოლო მეანაბრის მიერ საპროცენტო ანაბრის გატანა შესაძლებელია თვეში ერთხელ ან ანაბრის ვადის ბოლოს. “პროკრედიტ ბანკში” ვადიანი ანაბრის  წლიური საპროცენტო განაკვეთები ასე გამოიყურება: 3, 4 და 5 თვეზე ანაბარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთები ლარზე შეადგენს 7.5%-ს, დოლარზე და ევროზე – 5.5 %-ს; 6-7-8 თვიან ანაბარზე ლარზე 8.55%, დოლარზე და ევროზე კი 6.5%, 9, 10 ან 11 თვიან ანაბრებზე ლარზე – 9.5%, დოლარსა და ევროზე კი 7.25%; 12-17 თვეზე გახსნილ ანაბარზე მეანაბრეს ლარზე ერიცხება 10.5 %, 18-23 თვეზე კი 11.5 %, 12-17 და 18-23 თვეზე დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებზე წლიურად 8% ირიცხება, 24 თვეზე ლარებში 12% ირიცხება, დოლარებზე და ევროებზე გახსნილ ანაბარზე 8.75%. სარგებლის ყოველთვიურად გატანისას ანაბარს ერიცხება 0.5 %-ით ნაკლები. ხოლო ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში ანაბარს ერიცხება წლიური 1.5 % შესრულებულ ვადაზე.

“თი-ბი-სი ბანკის” შემთხვევაში ანაბრის გახსნა და წარმოება, ისევე როგორც სხვაგან, უფასოა; ვადიან ანაბარზე თანხის დამატება არ არის დაშვებული; ვადიან ანაბარზე დაშვებულია მხოლოდ ნაღდი სახის ოპერაციები;  ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას; ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება ფაქტიური განთავსების შესაბამის საპროცენტო განაკვეთზე 4%-ით ნაკლები. 

“თი-ბი-სი ბანკში” ვადიან ანაბარზე მინიმალური შენატანია 500 აშშ დოლარი, ლარი, ევრო ან გირვანქა სტერლინგი, ისევე როგორც “საქართველოს ბანკში”.

თუ მოანაბრე 3-5– თვიან ვადიან ანაბარს გახსნის, ამ შემთხვევაში აშშ დოლარზე მას დაერიცხება 6%-ანი განაკვეთი, ევროსა და გირვანქა სტერლინგზე 5.75%-ანი, ხოლო ლარზე 9.50%; 6-8 თვიანზე, შესაბამისად – 7.00%, 6.75%, 10.50%; 9-11 თვიანზე- 8%, 7.75%, 11.50%; 12-17 თვიანზე – 9.00%, 8.75%, 14%; 18-23 თვიანზე – 9.25%, 9.00%, 15.00%, ხოლო 24 თვიანზე კი 9.50%, 9.00%, და 16%. აღსანიშნავია, რომ “თი-ბი-სი ბანკში” პროცენტის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი  0.5%-ით ნაკლებია, ხოლო საპროცენტო სარგებლის მიღება შესაძლებელია ანაბრის გახსნის დღესვე.

მასალების გადაბეჭდვის წესი