ეკონომიკა

შაქრის მაფიოზების უჩინარი თამაშები

14 თებერვალი, 2011 • 2474
შაქრის მაფიოზების უჩინარი თამაშები

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შაქარი “ახალ წლამდე 0,69 € ცენტი ღირდა. ახლა შაქარი ჰამბურგში 10 € ცენტით გაძვირდა”. ძველ წელთან შედარებით შაქარი უმნიშვნელოდ გაძვირდა შაქრის მწარმოებელ ინდოეთშიც: იყო 31 რუპია (1,20 ლარი) და გახდა 33 რუპია (1,30 ლარი). “ბათუმელების” ინფორმაციით, გადამოწმებულ ქვეყნებს შორის შაქარი ყველაზე მეტად საქართველოში გაძვირდა.

ინდოეთში, პენჯაბის შტატის ქალაქ ლუდჰიანაში, არსებული ფასების დადგენაში “ბათუმელებს” პრითვი სინგჰი დაეხმარა. ის ბათუმის “პრესკაფეში”  მუშაობს. გერმანიაში არსებული შაქრის ფასების შესახებ ინფორმაცია ქართველი სტუდენტისგან, ქეთევან ნიშნიანიძისგან მივიღეთ. ის ამბობს, რომ ჰამბურგში შაქარზე სხვადასხვა ფასია – “მინიმუმი 0,79 ცენტი, მაქსიმუმი _ 2,60 ცენტი”. ფასი განისაზღვრება ხარისხით.

თურქეთში არსებული ფასების შესახებ ინფორმაცია ბათუმში თურქეთის საკონსულოს სავაჭრო განყოფილების თანამშრომლისგან მივიღეთ. ლალი ქარცივაძის თქმით, ახალ წლამდე ამ ქვეყნის შავიზღვისპირეთში შაქარი 2,30 ლირა ღირდა, ახლა 2,80 ლირას მიაღწია. ცენტრალურ ნაწილში კი ახალი წლის შემდეგ ფასი 2 ლირადან 2,50 ლირამდე გაძვირდა. თურქეთი შაქრის ჭარხალსაც აწარმოებს და შაქარსაც;

რაც შეეხება საქართველოს _ ჩვენთან შაქრის ფასი ახალი წლის შემდეგ ასე შეიცვალა – იყო 1,90-2.00 ლარი და გახდა 2,70-2,80 ლარი. გამოდის, იმ ქვეყნებს შორის, სადაც “ბათუმელებმა” ინფორმაცია გადაამოწმა, შაქარი ყველაზე მეტად საქართველოში გაძვირდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 თებერვალს ისიც დაუშვა, რომ შაქარი შეიძლება 3 ლარამდე გაძვირდეს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო ბაზარზე ფასების მომატებამ გამოიწვია.

ასე არ ფიქრობს 50 წლამდე მამაკაცი – ამირან მჟავანაძე, რომელიც ბათუმში, ყოფილ კალიევის ქუჩაზე, ფარღალალა ჯიხურში ვაჭრობს, მათ შორის შაქარსაც ყიდის. მისი აზრით, “მომენტი ნახეს და ბათუმის პორტში შაქრით დატვირთული გემებიდან ტვირთი იქამდე არ გადმოცალეს, სანამ ფასები არ გაიზარდა. ერთი ტომარა 122 ლარი გახადეს. ახლა ფასი 114 ლარზე ჩამოვიდა“. ბატონი ამირანის დაკვირვებით, ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელევიზიებმა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. მისი აზრით, „მომენტით“  დისტრიბუტორებმა ისარგებლეს.

ვინ არიან ქვეყანაში შაქრის დისტრიბუტორები? რომელ კომპანიებს შემოაქვთ საქართველოში შაქარი? აღმოჩნდა, რომ ამის დადგენა შეუძლებელია. ამ საკითხით “ბათუმელები” ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში დაინტერესდა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ საქართველოში შაქარი მხოლოდ ერთმა კომპანიამ – აგარის შაქრის ქარხანამ უნდა შემოიტანოს. სხვა კომპანიებს შაქრის შემოტანა აუკრძალეს.

ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს ვთხოვეთ, მოეწოდებინა იმ კომპანიების სახელწოდებები, რომლებიც საქართველოში შაქრის იმპორტით არიან დაკავებულნი. სამივე დაწესებულებიდან გვაცნობეს, რომ ფირმის დასახელება კომერციული საიდუმლოებაა.

“ბათუმელებმა” ამ ინფორმაციის მიღებაში დახმარება სასამართლოს სთხოვა. “როგორც სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, ისე მეორემ თქვა, რომ კომპანიის სახელწოდება კომერციული საიდუმლოებაა. ანუ სასამართლო მიიჩნევს, რომ, მაგალითად, “შპს X” _ ამის დასახელება, კომპანიას კომერციული თვალსაზრისით დააზარალებს. ეს პარადოქსია“, _ ამბობს თამარ კორძაია, რომელიც ამ საქმეში “ბათუმელების” ადვოკატია.

ადვოკატი ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა ამ ტიპის მარტივი დავა უზენაეს სასამართლომდე მისულიყო: „ეს ელემენტარული ჭეშმარიტება – სუბიექტის სახელწოდება არ უნდა იყოს დამალული. მე, როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ ამ საჩივარს საკასაციო სასამართლო დააკმაყოფილებს. სხვა შემთხვევაში მივმართავთ ევროპის სასამართლოს, სადაც შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ჩვენი უფლება დაირღვა და ამ დარღვევის გამო მოვითხოვთ კომპენსაციას“.

 

მონოპოლია თუ საერთაშორისო ბაზრის შესაბამისი ფასი

შპს „L ჯორჯიას“ საწყობის გამგე ზურაბ დიასამიძე, რომელიც შაქარს აგარის ქარხნიდან ეზიდება და აჭარაში ყიდის, „ბათუმელებთან“ შაქრის ფასის შესახებ საუბარს ასე ასრულებს: „აუცილებლად დაწერეთ, ჩვენ ყველაფერში სახელმწიფო გვიწყობს ხელს. ბიზნესი ღიაა, არავინ არაფერს არ გვაიძულებს“.

ზურაბ დიასამიძე მეტი დამაჯერებლობისთვის 3-4 თვის წინანდელ მდგომარეობას იხსენებს: „ბოლო 3-4 თვეა შაქარი ვერავის ვერ შემოაქვს, ძვირია და იმიტომ. მაგრამ აკრძალული არ არის. აგარის შაქრის ქარხანას აქვს შესაძლებლობა და შემოაქვს“.

ზურაბ დიასამიძე და მისი დირექტორი ლევან ფუტკარაძე შაქარზე ფასების მატებას ასე ხსნიან: “ჩვენც ვერ მივხვდით, რატომ გვქონდა შაქრის წაღების მსურველების რიგები. შაქრის გაცემას ვერ ავუდიოდით. მსოფლიო ბაზარზე ერთ კვირაში 10 ლარით გაძვირდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ინდოეთში შაქრის პლანტაციები დაიტბორა“.

ზურაბ დიასამიძე იხსენებს, რომ მსოფლიო ბირჟაზე შაქრის ფასების მატების „რაღაცნაირად ტელევიზიით გაჟღერების“ შემდეგ, ერთი ტომარა შაქრის ფასი 122 ლარი გახდა:  „მსოფლიო ბაზარზე დღეს ერთი ტომარა შაქარი 121 ლარი ღირს. ჩვენ შაქარი აგარიდან 109,50 ლარად ჩამოგვაქვს და 112,50 ლარად ვყიდით“.

ზურაბ დიასამიძის გათვლებით, ფასების ზრდით მოვაჭრეები დიდად ვერ ხეირობენ:  „25 ტონა შაქარს თუ გაყიდი, 300 ლარს მოიგებ. ამ მოგებასაც ბანკში მიიტან და მორჩა“.

ზურაბ დიასამიძე ვარაუდობს, რომ შაქარზე ფასები კიდევ გაიზრდება, მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს, რადგან ხალხის დაპანიკების ეშინია.

მასალების გადაბეჭდვის წესი