ეკონომიკა

კვირის ეკონომიკური მიმოხილვა

13 თებერვალი, 2011 •
კვირის ეკონომიკური მიმოხილვა

გასული კვირის უმთავრესი მოვლენა  საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა იყო.

11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და გამოსვლის პირველი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს დაუთმო. მან ინფლაციაზე, მისი პრევენციის გზებზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ტურიზმზე გააკეტა განსაკუთრებული აქცენტი. სააკაშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2015 წლისთვის ბიუჯეტი გაორმაგდება, ხელფასები 50%-ით გაიზრდება, ხოლო უმუშევრობა კი 2-ჯერ შემცირდება. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება ინფლაციისგან დაიცვას:

“გარდა სწორად გათვლილი მონეტარული პოლიტიკისა, ინფლაციის შესაჩერებლად იწყება ვაუჩერების დარიგება” – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ინფლაციის პრევენციის მიზნით ორი გზა დაასახელა: პირველი შეეხება მოსახლეობისათვის ერთჯერადი ვაუჩერების დარიგებას, ხოლო მეორე  – ეკონომიკაში მეტი თანხების დაბანდებას. ეკონომიკის პრიორიტეტად კი მან სოფლის მეურნეობა და ტურიზმი დაასახელა.

მისი თქმით, ფასების ზრდამ მთელი სამყარო მოიცვა: “ბევრგან გაცილებით მძიმე შედეგებია,  თუმცა მრავალთვიანი ეკონომიკური კრიზისი დრამატულად ვითარდება საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს გლობალური პრობლემა ადგილობრივად უნდა გადავჭრათ.”

პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. სააკაშვილმა ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარ ინიციატივად მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამა დაასახელა. პრეზიდენტის განცხადებით, პროგრამის ამოქმედების შედეგად მაღალმოსავლიანი სიმინდისა და ხორბლის თესლი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო შენაძენის დაფარვა მსურველებს 7 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შედეგად ხორბლის წარმოება გაიზრდება და შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურენეობის სფეროში სასაწყობო მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების ამოქმედებაზე. მისი თქმით, ლოგისტიკური ცენტრები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე,  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფერმერსა და ექსპორტიორს შორის ინფორმაციის გაცვლის მიმართულებითაც.

სააკაშვილის განცხადებით, ჯამში, 150 მილიონი ლარით გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება, აღნიშნული თანხიდან მნიშვნელოვანი ნაწილი კი ახალი გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას მოხმარდება.

პრეზიდენტის თქმით, 2015 წლისთვის სოფლის მეურნებიდან მიღებული შემოსავალი არსებულ მაჩვენებელთან შედარებით იქნება მინიმუმ გაორმაგებული, ისევე როგორც გაორმაგდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი.

„მოსახლეობის 70%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, 24–საათიანი წყალმომარაგება იქნება ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ბორჯომში და ყველა დიდ ქალაქში, გაკეთდება თანამედროვე კანალიზაცია და წყალსადენები” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხსაც შეეხო: “ტურიზმს შეუძლია  ყველაზე მოკლე ვადებში გამოაცოცხლოს ეკონომიკა, ტურისტულ ზონებში ხორციელდება პროგრესი კერძო სექტორთან ერთად, კეთდება  ახალი კურორტები, ხდება ინვესტიციების სტიმულირება, ვაშენებთ ახალ ქალაქებს, სათხილამურო ზონას, 20-მდე სასტუმრო შენდება ქობულეთში, 15 – ანაკლიაში, რამდენიმე ათეული – მესტიაში, ტურიზმის სექტორში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები”.

რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, პრეზიდენტის თქმით, 2015 წლისთვის კიდევ 17 ჰესი იქნება საქართველოში, დამატებით 13 მშენებარე ჰესი.

“ჩვენი მიზანია, აგრეთვე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება არ ხდება და იგი იმპორტირებულია, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფასებზე და ამიტომ ვიწყებთ ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ნავთობს გავიტანთ ექსპორტზე და დავასტაბილურებთ ფასებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკამ უნდა იმუშაოს მონოპოლიების გარეშე, საჭიროა ეკონომიკის სრული გასხნილობა. მისი თქმით, თუ ეკონომიკა მონოპოლიებითაა ჩაკეტილი, ის ვერ განვითარდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა ბიუროკრატიული ინსტიტუტების შემცირება, რათა არ მოხდეს ბუნებრივი მონოპოლიების შექმნა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქარველოს ეკონომიკის ყველა სექტორი გახსნილია და არ არსებობს მონოპოლიები და ოლიგოპოლიები.

მისი თქმით, ქვეყანაში  არსებული ინფლაციის მიზეზი, მსოფლიოში არსებულ ვითარებასთან ერთად, შიდა პრობლემებიცაა. შიდა პრობლებში პრეზიდენტმა ძირითად მიზეზად ადგილობრივი წარმოების სისუტე დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიურ მოხსენებაში ახალ ეკონომიკურ კურსზე, გაფორმების ეკონომიკური ზონების გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ზონას მალე ფოთშიც გახსნის. მისი თქმით, ახალი კურსი ემსახურება უკეთესი ბიზნეს-კლიმატის შექმნას. „ყველაზე ცუდი უსამართლობის განცდაა, რომელიც არც ერთ მეწარმეს არ უნდა გააჩნდეს, ბიზნესმა უნდა შეინარჩუნოს გადარჩენის შანსი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა, მეწარმე უნდა იყოს ოპტიმისტი, რათა მოახდინოს ინვესტირება, ჩადოს ფული სხვადასხვა საქმეში და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ახალი კურსი საჭიროებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, საგადასახადო კოდექსი, ერთი თვეა, რაც შეიქმნა, რომლის უმთავრესი ღირსებაა ის, რომ ამცირებს სახელმწიფო ადმინისტრირების წნეხს ბიზნესზე, ყველა ახალ ღირსებასთან ერთად, აყალიბებს სისტემას, რომელიც გამორიცხავს საგადასახადო კოდექსის ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს.“

გარდა ამისა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2013 წლისთვის იქნება 100  ახალი საავადმყოფო და დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა 2 მილიონნახევარს მიაღწევს.

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები უნდა ჰქონდეს გაფორმებული ევროკავშირთან და აშშ-სთან.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ამოქმედება კიდევ უფრო მეტად განავითარებს ეკონომიკას, გაზრდის ექსპორტს და 2015 წლისთვის გააორმაგებს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს. მისი თქმით, ქვეყნის პრიორიტეტია, რომ პროდუქციის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს და, შესაბამისად, გაზარდოს საექსპორტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

პრეზიდენტის თქმით, 2015 წელს ბიუჯეტი იქნება გაორმაგებული, ხელფასები საშუალოდ 50 პროცენტით გაიზრდება, უმუშევრობა ორჯერ შემცირდება და საქართველოში იქნება ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკა.

გასული კვირის უმთავრესი მოვლენა ფქვილზე ფასების ზრდაც იყო. კერძოდ, 50-კილოგრამიანი, საშუალო ხარისხის ფქვილის ტომრის ფასმა, საშუალოდ, 2 ლარით მოიმატა და ამჟამად 52 ლარი ღირს, თუმცა, სხვადასხვა ქარხნებში აღნიშნული მაჩვენებელი სხვადასხვაა. როგორც კომპანია „გვრიტა-აგომ“ განგვიცხადა, ფქვილის გაძვირება ხორბლის ფასის მომატებამ გამოიწვია, ვინაიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ხორბლის ფასი 10 ლარით გაიზარდა, კერძოდ, მისმა ფასმა 100 ლარიდან 110 ლარამდე მოიმატა.

რაც შეეხება საბითუმო-საცალო მოვაჭრეებს, ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი მათთან 64 ლარს შეადგენს, თუმცა მისი ფასი გაძვირებამდე ჯერ 53, ხოლო შემდეგ 59 ლარი იყო.

ფქვილთან ერთად ფასების მატება პურზეცაა მოსალოდნელი, რასაც პურის ქარხნებიც ადასტურებენ. როგორც „იფქლში“ გვითხრეს, მათთან პური ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა მომავალში მის გაძვირებას არ გამორიცხავენ, ვინაიდან ფქვილის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. კომპანია „დიკაში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში პურზე ფასებს მოუმატებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი წარმოების შეჩერებასაც არ გამორიცხავენ. რაც შეეხება „ქარვასლას“, ის პურის ფასს სტაბილურად ინარჩუნებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი