ეკონომიკა

ვარშალომიძე ინვესტორთა, მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

3 თებერვალი, 2011 • • 1184
ვარშალომიძე ინვესტორთა, მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციის წარმომადგენლებს  შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოცამდე ქართველი და უცხოელი ბიზნესმენი იმყოფებოდა. ბიზნესმენებმა ლევან ვარშალომიძესთან ერთად საბანკო გარანტიების, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სასამართლო დავების ოპერატიული გადაწყვეტის შესახებ იმსჯელეს და რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

“კერძო სექტორის ხელშეწყობა რეგიონის პრიორიტეტია. ამ სფეროს განვითარება ახალი სამუშაო ადგილების ზრდას შეუწყობს ხელს” – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის პირველი პირი მშენებელთა და დეველოპერთა ასოციაციებსაც შეხვდა. მან დეველოპერები მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მიიღო. შეხვედრას ქალაქის მერი და ფინანსთა მინისტრი ესწრებოდნენ.

ლევან ვარშალომიძეს დეველოპერებმა აჭარაში სამშენებლო ბიზნესის განვითარების შესახებ ანგარიში ჩააბარეს. 2010 წლის მონაცემებით, მხოლოდ ბათუმში, მშენებლობაზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2 700 ნებართვაა გაცემული, ოფიციალური მონაცემებით კი, ბათუმში მშენებლობა ერთი მილიონ 226 ათას კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დინამიკა უნდა შენარჩუნდეს-“მეტი ინფორმაციისთვის საჭიროა სარეკლამო ბუკლეტების გავრცელება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც”, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ამ დროისათვის აჭარაში მშენებარე სახლების მონაცემების ამსახველი ბუკლეტები სომხეთში, ბელორუსიაში, თუქეთსა და ისრაელში ვრცელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ ბათუმში მშენებარე ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი